კულტურის სამინისტროში დღეს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს წარადგენენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიხსნა განახლებული გამოფენა (გეოლოგია-პალეონტოლოგიის, ქვის ხანის, ბრინჯაო- რკინის ხანის, ანტიკური, შუასაუკუნეების, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, დ. ერმაკოვის ფოტო-კოლექცია); ასევე, გაიხსნა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. მოეწყობა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ალბომის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას წარადგენენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო სულავა და გამოფენის არქიტექტორ-დიზაინერი ნინო ოქრუაშვილი.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნუგზარ კოპალიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოს-არქეოლოგები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის "ცაგერის ისტორიული მუზეუმი" ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ამსახველი საილუსტრაციო მასალა.