სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს, ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართება. ორგანიზაციის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, ირაკლი კოტეტიშვილი, რომელიც ისაუბრებს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მნიშვნელობასა და უპირატესობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, USAID-ის დემოკრატიისა და მმართველობის სამსახურის დირექტორი დანიელ რეიფი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, უილიამ ლეჰიუ.
ღონისძიებაზე მიწვეულები არიან მინისტრები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობისა და მთავრობის კანცელარიის წევრები, სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო წარმოადგენს სასწავლო ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ამჟამად ასრულებენ ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციებს სამთავრობო დაწესებულებებში. დოკუმენტში მოცემულია ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ფუნქციები, პრინციპები და მიდგომები, რომლებიც თანაბრად გამოიყენება ყველა საჯარო მოხელის მიმართ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს კრებულის პირველი ნაწილი, რომლის სრულად გამოცემა იგეგმება მიმდინარე წლის განმავლობაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"