იუსტიციის სასწავლო ცენტრი "ყვარელი" ამოქმედდა. ცენტრის გახსნას ყვარელში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. როგორც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ციხისთავმა განაცხადა, ყვარლისა და თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრები ერთი ფუნქციის მატარებლები არიან.
"ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ცვლილებებს, რათა ისინი სწავლების გზით სწორ იმპლემენტაციამდე მივიდეს. ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაგეგმილია ან უკვე განხორციელდა, შემსრულებლებამდე უნდა იყოს მიტანილი. ცენტრის მიზანია, პროფესიული კადრების მომზადება და ტესტირების მიმართულება, ასევე საკონსულტაციო მიმართულება. სამი კონკრეტული მიმართულება არსებობს - ტრენინგები სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ტესტირების მიმართულება, რომელიც მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და საკონსულტაციო მიმართულება, რომელიც ასევე მართვის გაუმჯობესების ხელშემწყობია", - აღნიშნა ნინო ციხისთავმა.
მისი თქმით, თბილისის ოფისისგან განსხვავებით, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში არსებობს საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მრავალფეროვნების შესაძლებლობას იძლევა.
"დაგეგმარება უკვე დაწყებულია, შევსებულია წლის ბოლომდე და ამ მხრივ ფუნქციები ერთი და იგივე აქვს, როგორც თბილისის, ასევე ყვარლის ოფისებს", - განაცხადა ციხისთავმა.
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიისთვის პრესკონფერენციაც გამართა და სამინისტროს ათი თვის მუშაობა შეაჯამა. მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ყვარლის ახლად გახსნილ სასწავლო ცენტრში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენციაც გაიხსნა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"