პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დადებით და უარყოფით შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.
- ბატონო ნოდარ, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოეწურება და ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაც შედგება. პოლიტიკურ ასპარეზზე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობაზე ბოლო 9 წლის განმავლობაში უამრავი რამ ითქვა და ბევრი რამ ყოფილა მსჯელობის საგანი. ბევრი სააკაშვილს ერთმნიშვნელოვნად "ქვეყნის დამაქცევრად" მიიჩნევს, ბევრიც პირიქით - "აღმშენებლად". ვინაიდან, ახლა ყველაზე კარგი დროა პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებისათვის, ჩვენც ვცადოთ ამის გაკეთება. რას მიიჩნევდით პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობის დადებით შედეგებად ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის? ანუ, იმას, რაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში უპირობოდ მხოლოდ პლუს ნიშნით შეფასდება?
- სამწუხაროდ, ბატონი სააკაშვილი მოვიდა ოვაციებით და მიდის უარყოფითი შეფასებებით, ზოგის მიერ - წყევლა-კრულვით, ლანძღვა-გინებითაც. მას კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე ფინალი აქვს. ესაა რეალობა და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ისმის კითხვა - რა იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? რადგან მის მიღწევებზე მეკითხებით, სწორედ ამაზე მოგახსენებთ. პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა სიღარიბით, ჭაობში გამორჩეულად ჩაფლული ქვეყანა ჩაიბარეს. ახალი ხელისუფლების ლიდერი სააკაშვილი ყველაზე ხშირად იყენებდა სიტყვას "წარმატებასა" და "წარმატებულობას". მისთვის "წარმატება" განსაკუთრებული ფენომენი იყო, რომლითაც იზომებოდა მისი მოღვაწეობა. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ბუნებრივია, რომ მართლაც ჰქონდა გარკევეული წარმატებები - ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობა, უწყვეტი შუქი, უწყვეტი წყალი, არაკორუმპირებული პოლიცია, ეს ყველაფერი კონტრასტული იყო მანამდე არსებულ რეალობასთან შედარებით. თუკი შევარდნაძის პერიოდში უმძიმესი ვითარება იყო, მან ერთი ხელის მოსმით სხვა რელსებზე გადაიყვანა ქვეყანა და საკმაოდ წარმატებითაც.წარმატებაში შეიძლება ჩაითვალოს საშუალო და დაბალ დონეზე კორუფციის ლიკვიდაცია, კანონიერი ქურდებისა და კრიმინალთან ბრძოლაში წარმატება. ცნობილია, რომ ადამიანთა ეს კატეგორია ქვეყნის მართვაშიც კი მონაწილეობდა. უადავოა, რომ ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო. სხვა ამბავია, რომ ეს მოხდა ადამინის უფლებების დარღვევის ხარჯზე, მაგრამ ეს მაინც დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. მაშინ ადამიანთა მცირე რაოდენობას თუ წარმოედგინა, რომ ქურდები და კრიმინალები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრების მრავალ სფეროს განაგებდნენ, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში არც კორუფცია და არც კრიმინალური სამყარო არავის არ დაუმარცხებია. ჩვენთან ეს მოხდა.
სააკაშვილს გარკვეული წარმატებები ჰქონდა იმაშიც, რომ შეეცადა საქართველო ტურისტული ინფრასტრუქტურის ქვეყნად გადაექცია. სიღნაღი, ბათუმი-აჭარა, ანაკლია, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი. რეალურად, ეს მართლაც მიღწევებია. თუ ამ ხაზს გავაგრძელებთ და სფეროს გადაჭარბებულ არც მნიშვნელობას მივანიჭებთ და მისი განვითარებისათვის არც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, კარგი იქნება.
- სააკაშვილის მხარდამჭერებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გატარდა, სერიოზული ტრანსფორმირება განიცადა პოლიციამ, სასამართლომ, უმაღლესმა სასწავლებლებმა, სკოლებმა, იუსტიციის სახლებმა და ქვეყანაში დანერგილმა ახალმა არქიტექტურამ საზოგადოების მენტალობის ცვლილებებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ქვეყანაში რომ დემოკრატია და ბევრი სხვა რამ ილუზორულ ხასიათს ატარებდა, აღარავინ დავობს, მაგრამ თქვენი აზრით, სააკაშვილის 9-წლიანი მართველობა როგორ აისახა ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე?
- ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული ცვლილებები შეიტანა. ჩემი აზრით, მან გააღრმავა ადამიანებს შორის ისედაც არსებული უფსკრული. ვფიქრობ, რომ ეს 9-წლიანი პერიოდი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების გახლეჩის კიდევ ერთი ეტაპი. ეს პროცესი ჯერ არ წყდება. რეალურად, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი კია არა, მისი ამომრჩევლებისა და "ნაციონალების" მხარდამჭერების პრეზიდენტი იყო. მან ქვეყანა თავად დაყო იმათ, ვინც მის "მატარებელს შეახტა" და იმათ, ვინც "ვერ შეახტა". ამდაგვარად, მან ქვეყანა დაყო "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად". ადამიანთა მეორე კატეგორია მისთვის მტრებისა და მოღალატეების კატეგორია იყო. ამდაგვარი აზროვნება საქართველოში მანამდეც იყო, მაგრამ მან კიდევ უფრო გააღრმავა ეს ტენდენცია. ამგვარი აზროვნება არსად წასულა, ახლაც ჩვეთანაა და ჩვენშია.ბუნებრივია, საზოგადოებრიცი ცნობიერება ეკონომიკაზე, სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ყველაზე მეტად რეაგირებს მმართველი ელიტის ქცევაზე, განცხადებებზე. პირველ პირსა და მმართველ ელიტას სოციალურ ფსიქოლოგიაში რეფერენტულ ჯგუფს უწოდებენ. მათ აზრს პირველ ყოვლისა ენიჭება მნიშვნელობა, გასათვალისწინებელია და ამავე დროს მისაბაძია.
ადამიანებმა პრეზიდენტისგან დაინახეს საზოგადოების გახლეჩვისკენ სწრაფვა და ერთპიროვნული მართვის სტილის დანერგვა, რაც შევარდნაძის პერიოდში თითქმის დაძლეულიც კი იყო. იგი შეეცადა, საზოგადოებაში დაენერგა მითი "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში სამუდამოდ მოსვლის თაობაზე. ბოლოს ყველაფერი იმას დაემსგავსა, როგორც ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროს მმართველობის დროს იყო. ანუ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ბრეჟნევი და პოლიტბიურო ქვეყანის სათავეში აღარ იქნებოდა. სწორედ ამიტომად იყო ასეთი წინაღმდეგობრივი სააკაშვილის მმართველობა. მან შესძლო, ახალი მმართველი ელიტის შექმნა, რომელიც ვერტიკალის პრინციპზე იყო აგებული. ყველა იყურებოდა ზევით, ერთმანეთს არც უყურებდნენ და იყურებოდნენ მხოლოდ ზევით, სადაც ყველას და ყველაფერს მიშა სააკაშვილი განაგებდა. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, საქართველოში არაფერი შეცვლილა, განსხვავება იმაშია, რომ ახლა ყველა ივანიშვილისკენ იყურება და ყველა კითხვაზე პასუხს სწორედ მისგან ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი პოლიტიკიდან მიდის.
ერთ კაცზე სწორების პროცესი სააკაშვილმა გააძლიერა და ეს ინერციით ახლაც მოქმედებაშია. ისეთი პირი უჩანს, ჩვენში ეს ტენდენცია კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. სოციალურ ცნობიერებას ინერციულობა ასასიათებს იმ გარკვეული რამეებისადმი, რაც მანამდე ჩამოყალიბდება.
სააკაშვილმა ჩამოაყალიბა საზოგადოების გათიშულობა, ერთპიროვნული მმართველობის სტილი და "ნაცმოძრაობის" მმართველობის მარადიულობის მითი. სამწუხაროდ, ყველა ეს ჩამონათვალი ნაწილობრივ ახალ ხელისუფლებასაც ეხება. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები რომ აშკარად სახეზე გვაქვს, ამას ვერავინ უარყოფს. ის, რომ საკუთარი ძალაუფლებით ტკბობა და ივანიშვილის მოსაზრებების უპირობოდ მოწონება-კომენტირება ახალ ხელისუფლებას ახასითებს, ფაქტია.
- პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობის უარყოფით შედეგებზე ბევრი საუბრობს და სხვადასხვაგვარ ლოგიკას აგებს. ზოგ შემთხვევაში ამ თემაზე საუბარი მითოლოგიზირებულიც კია, ზოგი სრულებით აშკარად სიმართლეს ჰგავს, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არცაა. სააკაშვილის საქმიანობის უარყოფით შედეგებზე საუბრისას რაზე გაამახვილებდით ძირითად ყურადღებას? ანუ, იმას, რასაც მას საზოგადოება არც არასდროს დაუვიწყებს და არც არასდროს აპატიებს. . .
- ამ თვალსაზრისით, მე გამოვყოფდი საზოგადოებისადმი და უფროსი თაობისადმი მის ამპარტავნულ დამოკიდებულებასა და "ჩარეცხილების" თემას. ეს არა მარტო სააკაშვილისათვის იყო დამახასიათებელი, არამედ - მთელი მისი ახალგაზრდული გუნდისადმი. ისინი ტრაბახობდნენ თავისი ახალგაზრდობითა და საკუთარი მოსახლეობის მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულებით.საკუთარი მოქალაქეებისადმი მათი დამოკიდებულება დაახლოებით ასეთი იყო - ამათ რა იციან? არც არაფერი, ჩვენ ყველაფერი ვიცით! ანუ, ამგვარი აზროვნების საფუძველი გახლდათ- –"ჩვენ კარგები ვართ და, შესაბამისად, ისინი ჩვენ ვერც ვერასოდეს გაგვიგებენ".
აგვარი ამპარტავნული, აგდებული დამოკიდებულებით ხდებოდა მოსახლეობის მასობრივი დაბეჩავება, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის "დაჩმორებას". ამას ხელს უწყოდბა რეპრესიული აპარატისა და მოსმენების სისტემის გამართული მუშაობა. ჩემი აზრით, ეს გახლავთ სწორედ ის, რასაც მას არ აპატიებენ. ამგვარი პოლიტიკა იკვებობოდა ასათაგვარი ტექნოლოგიებით - დაწყებული ჯიბეში ნარკოტიკის ჩადებით, დამთავრებული ქონების ჩამორთმევით, გამოტეხვის განსაკუთრებული მეთოდებით. ამაში, რა თქმა უნდა, ცოცხებსაც და სხვა უბედურებებს ვგულისხმობ.
ნათქვამს კიდევ დავამატებდი იმას, რომ წინა წლები გახლდათ აღვირახსნილობის ლეგალიზაციის ხანა - თუ შეიძლება ასე ითქვას, მორალური აღვირახსნილობა, რაც პირადად სააკაშვილს ახასიათებდა. მითი ისე არ შეიქმნება, თუ ამის გარკვეული საფუძველი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის მმართველობის სისტემა ხასიათდებოდა მორალური გახრწნილობის ლეგალიზებით. ამ თვალსაზრისით, წინა ხელისუფლება მოქმედებდა პრინციპით - დემოკრატიაა და, ვისაც რა უნდა, იმას გააკეთებს. ეთიკური პრინციპები და სტანდარტები, რომელიც საუკუნოვანიცაა და ყველა ჯანსაღ საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს, მოირყა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო საზოგადოების მდგრადობაზე. საზოგადოება ვერ განვითარდება, სანამ საზოგადიებაში იქნება გესლი და ბოღმა. მორალური სტანდარტების უგულვებელყოფა.
"ნაციონელებმა" ვერ გააცნობიერეს, რომ თუ ეკონომიკას გარყვნილი ცნობიერება აშენებს, თუ კაცობა და ადამიანობა მას არ ახასიათებს, ეს მთელი საზოგადოებისთვის აღმოჩნდება მომაკვდინებელი.
წინა ხელისუფლებამ შეტევა მიიტანა არა მარტო ბიზნესზე, არამედ მთელ მცირე ბიზნესზე. შექმნეს მსხვილი ბიზნესის ელიტარული კორუფცია, რომელიც მათ სამსახურში იყო ჩამდგარი. შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმოძრაობა" და სააკაშვილი ახალ საქართველოში ელიტარული კორუფციის მამამთავრები არიან. მათ საზოგადოების "დაჩმორიკების" სისტემა არა მხოლოდ შიშით შეძლეს, არამედ მათ ადამიანები სიღარიბესა და სიღატაკეს შეაგუეს. ხალხი იმდენად "დაჩმორიკებულია", რომ არც აპროტესტებს, რომ მას საარსებო მინიმუმი 150 ლარი აქვს. 150 ლარი ცხოველისთვის გამოსაკვები საშუალებაა, ვინაიდან გათვლა მხოლოდ კალორიებზეა. ევროკავშირის ქვეყნებში სასურსათო კალათაში საარსებო მინიმუმი მხოლოდ 30%-ს შეადგენს და ნარჩენი 70% ადამიანის სხვა მოთხოვნილებებს უკავია. წინა ხელისუფლებამ ადამიანები ცხოველებამდე დაიყვანა. ამგვარი აზროვნების სტილი ახლაც გრძელდება და ეტყობა, ჩვენში კარგა ხანს გაგრძელდება.
- საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოსადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამაში განსაკუთრებული როლი პირადად მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. ის, რომ საქართველოს 2004-2013 წლებში საერთაშორისო ასპარეზზე რეფორმირების გზაზე შემდგარი ქვეყნის სტატუსი ჰქონდა, ფაქტია, მაგრამ რეალურად, რამდენად შეუწყო ხელი საერთაშორისო ასპარეზზე სააკაშვილის ფაქტორმა ქვეყნის იმიჯის შექმნა-წარმოჩენას და ამ თვალსაზრისით, რა როლი მიუძღვის მას, როგორც პრეზიდენტს?
- არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა ამ თვალსაზრისით მართლაც დადებითი როლი ითამაშა. ენების ცოდნა და მისი ენერგიული სახიათი ქვეყნის იმიჯზე კარგად მუშაობდა. მას ჰქონდა ძალიან ბერი შეხვედრა და, ბუნებრივია, რომ ამ შეხვედრებზე თავაზიანიც და კარგი მოსაუბრეც იქნებოდა. მას აქვს უნარი, პრეზიდენტის რანგში ქვეყნის სახე კარგად წარმოეჩინა. ამ მხრივ, იგი უდავოდ პრეზენტაბელური პიროვნებაა. ამ თვალსაზრისით მას დღევანდელ საქართველოში ვერავინ შეედრება. მისი პირადი აქტივობის პოტენციალი საკმაოდ მაღალი და ეფექტური იყო.საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ორიენტირებული იყო მისსავე იმიჯზე. ამ მხრივ იმიჯოლოგიის საუკეთესო ფენომენია. სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე არაა, მაგრამ ტიპური იმიჯოლოგია. მას შესანიშნავად შეუძლია, საკუთარი თავის წარმოჩენა ქვეყნისთვის და საკუთარი თავის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის საკმაოდ კარგადაც შეძლო.
- სააკაშვილი შიდა პოლიტიკაში აქტიურად და ეფექტურად იყენებდა რუსეთის თემას. ყველა, ვინც კი მას გააკრიტიკებდა, კრემლთან დაკავშირებულად გამოცხადება არ ასცდებოდა. სხვათა შორის, ეს სქემა საკმაოდ დიდ ხანს წარმატებით მუშაობდა, მაგრამ ბოლოს, განსაკუთრებით 2011-2012 წლებში ამასაც ყავლი გაუვიდა. თქვენი აზრით, რატომ?
- რუსეთისა და პუტინის ლანძღვის რიტორიკას სააკაშვილი 2008 წლამდე უფრო მიმართავდა. სააკაშვილი მას შემდეგ გათავხედდა, როცა რუსებმა ჯავახეთიდან სამხედრო ბაზები გაიყვანეს. მილიტარისტულმა რიტორიკამ დაძაბა ვითარება რუსეთთან. ეს ხდებოდა იმის ძახილის ფონზე, რომ საქართველოს მაგარი ჯარი ჰყავს და კეზერაშვილი გენიოსია. 2008 წლის შემდეგ მას ამგვარ რიტორიკას არც ვძრახავ. ახლაც არ მესმის რუსეთისთვის ბაბაიას ძახილი. დიპლომატიას თავის ენა აქვს და აქ საჭიროა მკვეთრი დემარკაციული ხაზების გავლება.სააკაშვილის ანტირუსულმა სალანძღავმა და ვითომ ძლიერობის რიტორიკამ 2008 წლის ომამდე იმუშავა და მისი ერთ-ერთი ფაქტორთაგანი სწორდ ამგვარი რიტორიკა იყო. არიქა, რა მაგრები ვართ, არის გაგრძელება იმ ნარციზისმის, რომელიც მას როგორც პიროვნებასა და მთელ გუნდს ახასიათებთ. ნარცისიზმი მისი ხასიათის თვისებაა, რაც მან შემდგომ პოლიტიკაში გადაიტანა. ამგვარმა რიტორიკამ ომამდე კი იმუშავა, მაგრამ ცხადია, რომ 2008 წელს ომში დამარცხებულ ქვეყანაში ვერ იმუშავებდა. როცა საწყალი ჩივის, მას არავინ არ უსმენს. აშკარაა, რომ ამგვარი პოლიტიკა არ ვარგა, მაგრამ ჩვენ სხვა ჯერჯერობით რუსეთის მიმართ არც გვაქვს.
- დამკვირებელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქვეყანა ხელისუფლებისა და პირადად მისი პიარით იმართებოდა. ჩვენ გვახსოვს მთავრობის სხდომები ვენახში, სახლების სახურავზე, სათაფლიის მღვიმეშიც კი. რა დადებითი და უარყოფითი როლი შეასრულა სააკაშვილის ხელისუფლებისათვის ქვეყნის პიარ-ტექნოლოგიებით მართვამ? და კიდევ, რამ განაპირობა ის, რომ შესანიშნავად გამართულმა, მძლავრმა პროპაგანდისტულმა მანქანამ 2011-2012 წლებსა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრაქტიკულად არ იმუშავა და "ნაცმოძრაობა" დამარცხდა . . .
- რეალობა ასეთია - პიარი ჩვენი ცხოვრების ნაწილია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში და ამას ვერ გავექცევით. უნდა ვაღიაროთ, რომ პიარში სააკაშვილი მართლაც სწორუპოვარი იყო. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი ებმება ხარჯებს.საერთოდ, ვერც ხალხმა და მათ შორის ვერც მთავრობამ ვერ ისწავლა, რომ არა მარტო ის არის აუცილებელი, გათვალო - რა არის კარგი, არამედ ისიც უნდა შეაფასო, ეს კარგი რამდენი ჯდება და ღირს კი იმ დანახარჯებად, რაც მასზე შეიძლება დაიხარჯოს? ეს მოჭარბებულად სჭირდა სააკაშვილს. არავინ ამბობს, რომ ცუდია მთავრობის სხდომის სხვადასხვა ადგილზე ჩატარება, სვანეთში ფრენა და პოპულარული მომღერლების ჩამოყვანა, მაგრამ თუ ის ხარჯებს არ ამართლებს, მაშინ ამას რა აზრი აქვს. სააკაშვილის სისუსტეც მაგაშიც იყო. იგი არასდროს თვლიდა საჭიროდ დაესვა კითხვა - საჭირო იყო თუ არა ამდენი ფინანსების პიარისათვის დახარჯვა. ეს მისთვის უღირსი და არასაწირო კითხვა გახლდათ. სინამდვილეში ეს ყველაფრის ქვაკუთხედია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იმუშავა "ნაცმოძრაობის" პიარმანქანამ. სააკაშვილის მმართველობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2007 წელი, როცა ის გადადგა. მის ხელისუფლებას სწორედ 2007 წელს გაუჩნდა ბზარი. ამას მაშინ ხელი შეუწყო მაშინდელმა ოპოზიციამ და იმდროინდელმა "ტელეიმედმა". მერე იყო ომი და სხვადასხვა პროცესები, რომელიც ხასიათდებოდა შიშის სინდრომით. ადამიანებს ყელში ამოუვიდა თავისივე "დაჩმორიკება" და ეძებდნენ მხსნელს. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მალე დამთავრდებოდა.
საერთოდ, ყველგან და ჩვენთანაც საზოგადოება ორიენტირებულია კომპრომატების გამოყენებაზე. სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში კომპრომატების სიუხვემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ცოცხები მხოლოდ ბოლო აკორდი გახლათ. საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ცენტრალური სიტყვა გახლდათ "სიცრუის მანქანა," რომლის დანგრევაზე იყო ორიენტირებული ოპოზიციაც და საზოგადოებაც. ძალიან ნიშანდობლივი და სიმბოლური გახლავთ ის, რომ ქვეყანაში სისტემის შეცვლა ციხეში არსებული ვითარების გასაჯაროებამ ბევრად განაპირობა. ხელისუფლების ცვლილება არ გამოუწვევია ეკონომიკურ მდგომარეობას, იგი გამოწვია ციხემ, ანუ ადგილმა, სადაც ბევრი "ჭუჭყია". საზოგადოებამ 2012 წლის საპარლამეტო არჩევნებზე "ჭუჭყისაგან" განთავისუფლება მოინდომა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საზოგადოებაში იმდენი "ჭუჭყი და ხლამი დაგროვდა", რომ უკვე პიარი ვეღარ გადაარჩენდა. "ჭუჭყისა და ხლამის" გატანის ფუნქცია თავის თავზე საზოგადოებამ აიღო. ხოლო ყველაზე დიდი "ჭუჭყი და ხლამი" იმხანად ციხის კადრები აღმოჩნდა და სწორედ მან დაასაფლავა სააკაშვილის ხელისუფლება.
- არა მარტო ქართველ, არამედ დასავლელ ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მმართველობა აშკარად არადემოკრატიული იყო. შესაძლოა, მთლად ავტორიტარული არც იყო, მაგრამ არც არაფერი აკლდა. ამის დასტურია ქვეყანაში წარმოებული მოსმენების მასშტაბი, 2004-2013 წლებში ციხე 330 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოიარა, ციხეეში 800-მდე პატიმარი გარდაიცვალა, ფართოდ გამოიყენებოდა საპროცესო გარიგეგების პრაქტიკა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცემა-ტყეპა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ და ქვეყანაში საყოველთაო შიში იყო დასადგურებული. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურას განცხადებით 50 ათასამდე მოქალაქემ მიმართა, ზოგი ქონების დაბრუნებას, ზოგიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. დღეს ბევრი აღიარებს, რომ სააკაშვილი "დემოკრატი მმართველი არ იყო". ანუ პრობლემა იმანაც გააღრმავა, რომ მისი მმართველობის წლებში ქვეყნისათვის ასე საჭირო რეფორმირება-ტრანსფორმირება "დასავლური დემოკრატიისა და ღირებულებების სახელით" პრაქტიკულად სწორედაც რომ არადემოკრატიული მეთოდებით ხდებოდა...
- სააკაშვილი და მისი გუნდი "დასავლური იდეის" შესანიშნავი პროფანატორები არიან. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თავიანთი მოქმედებებით საქართველოში "დასავლური იდეას", დასავლურ ღირებულებებს ფასი დაუკარგეს და გააუფასიურეს. ისინი დასავლეთით აპელირებდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც დასავლეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემი აზრით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართევლოში დასავლეთზე ორიენტაციას დიდი ზიანი მიაყენებს და დიდი წიხლიც ჩაცხეს. ამან დასავლური ორიენტაციის გაუფასირების ტალღა გამოიწვია.- თქვენ სწორედ ამას უკავშირებთ მისი მმართველობის უკანასკნელ წელს საქართევლოში ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობების მატებას, რამაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გარკვეული ასახვა ჰპოვა?
- ვერ ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებში რომ დასავლური ღირებულებების მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა, უდავოა. ამოტომაცაა, რომ ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ - რის ამერიკა და რის ევროპა?! მე არც ამერიკისა და არც დასავლეთის ფეტიშირებას არ ვახდენ, მაგრამ პატივს ვცემ იმ ღირებულებებს, რაც ამ ქვეყნებში ნორმაა და ჩვენთვის შესასრულებელია. არც ერთ ქვეყანში იდეა ბოლომდე განხორციელებული არ არის, მაგრამ ის, რომ ამ იდეის განხორციელებაზე ხარ ორიენტირებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენს შემთხვევაში მთავარი ის კი არ არის, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დემოკრატიული პრინციპები დაარღვიეს, მთავარია ის, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას უზნეოდ იქცეოდნენ. ანუ, ზნეობრივი სტანდარტები ჰქონდათ დაბალი. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა უზნეო თამაშია, სინამდვილეში კი პოლიტიკა ზნეობრივი თამაშია და კარგი პოლიტიკოსი ზნეობრივად უნდა იქცეოდეს. მათ გააცამტვერეს ის, რასაც ისინი თითქოსდა ემსახურებოდნენ. თვალთმაქცობდნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებდნენ.
სააკაშვილი იყო ერთპიროვნული ლიდერი, რომელმაც ვერ "გაქაჩა", ყოფილიყო ავტორიტარი. ჩემი აზრით, მან უბრალოდ ვერ "გაქაჩა", თორემ დიდი სიამოვნებით იქნებოდა ავტორიტარი. იგი დარჩა მისი ლაქიებისა და მასზე შემყურე ადამიანების ერთპიროვნულ ლიდერად. მათ არა რაიმე იდეა, არამედ ელიტური კორუფცია აერთიანებდათ. სხვათა შორის, დემოკრატიისთვის არაა დამახასიათებელი კორუფცია. ამათ წინა პლანზე წამოსწიეს ელიტარული კორუფცია და ამას დაარქვეს დემოკრატია. სააკაშვილი საკუთარი ხალხისა და დასავლეთის მიმართ ისეთ ფარისევლურ პოლიტიკას ატარებდა, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
- თქვენ როგორ შეაფასებდით სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას? და თქვენი აზრით, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით რა მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მიიღო ახალმა ხელისუფლებამ ძველისაგან?
- თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა ეკონიმიკური თვალსაზრისით, ეს ეკონომისტების გასარკვევი საქმეა. ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს. ფაქტია, რომ სააკაშვილი უყაირათოდ და არამიზნობრივად ხარჯავდა ფინანსებს. სხვათა შორის, ეს კიდევ გამოსარკვევი და დასადგენია.ახალმა ხელისუფლებამ ძველისაგან ქვეყნის წინაშე არსებული უმძიმესი პრობლემები ჩაიბარა, რომელთა გადაწყვეტას წლები დასჭირდება. ამავე დროს მათ ჩაიბარეს მემკვიდრეობა არასწორი მართვის, დამახიჯებული აზროვნების, არასწორი ეკონომიკური ხედვებით.
ამგვარი არასწორი ეკონომიკური ხედვა გახლავთ ის, როცა აქცენტი კეთდება მსხვილ ბიზნესზე. ეს გახლავთ ილუზია. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მცირე და მიკრობიზნესის განვითარება. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა ხალხს, ხოლო ბიზნესმენები შემდგომ გადავიდოდნენ მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე. წინა ხელისუფლება აქცენტს მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე აკეთებდა. ახლაც ასეა, ახალი ხელისუფლება უმეტესად ხუდონჰესსა და ანაკლიაზე ლაპარაკობს. ეს ხომ ძველი და თანაც სააკაშვილის სიმღერებია. ამიტომ ვამბოვ, რომ მე პრობლემას ახალი ხელისუფლების ეკონომიკურ აზროვნებაში ვხედავ. ეს აზროვნება წინა ხელისუფლებისაგან გადმოვიდა და არ შეცვლილა. ახალ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების აზროვნების წესი დახვდა. ეს რომ შესაცვლელია, ფაქტია.
საერთოდ, პრინციპი ასეთია - სანამ დაიწყებდე ქვეყნის შეცვლას, თავად უნდა შეიცვალო. თუ შენაც ისეთივე ხედვები გაქვს, რაც შენს წინამორბედს ჰქონდა, არაფერი გამოგივა. რეფორმა არ გამოვა, თუ რეფორმა შენს თავზე და შენს აზრებს არ ჩაუტარე. გადაანგარიშებაში ცვლილება არც არაფერს არ ნიშნავს. ახალი ღვინო მხოლოდ ახალ ტიკში ისხმება.
ჩემი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ წინასაგან მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობასა და აზროვნებით ხასიათის პრობლემების მქონე ქვეყანა ჩაიბარა. პირადად მე, ყველაზე დიდი პრობლემა ეს მგონია. თორემ სკოლების აშენებაც მოესწრება და საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკებისაც. ესენი მხოლოდ წვრილმანი დეტალებია. მთავარია, რომ არ უნდა დარჩეს იგივე ხედვები და აზროვნების იგივე მახინჯი სტილი, რაც მანამდე იყო და ეს უნდა იყოს დაძლეული.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"