თსუ-ში ხვალ შალვა ნუცუბიძის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გამოჩენილი ფილოსოფოსის, თსუ-ს დამაარსებლის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11.00 საათზე დაიწყება. თსუ-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტის პანთეონში შალვა ნუცუბიძის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.
ასევე, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში შალვა ნუცუბიძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
"ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება შალვა ნუცუბიძის პირადი ნივთები. მათ შორის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მიერ ნაჩუქარი ბიბლია წარწერით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორეს მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ჭურჭელი და შანდალი; შალვა ნუცუბიძის სანადირო თოფი თავისი პატრონტაშით; კოვზი და შანდალი, რომლითაც ნუცუბიძე გადასახლებაში სარგებლობდა; "ვეფხისტყაოსნის" ნუცუბიძისეული თარგმანი რუსულ ენაზე ავტორის წარწერით; ხელნაწერები, წერილები, წიგნები და სხვა ნივთები. გამოფენა ერთ კვირას გასტანს", - აცხადებენ თსუ-ში.
ამასთან, ხვალვე გაიხსნება საიუბილეო სხდომა და კონფერენცია, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები.
კონფერენცია 13 დეკემბერს დასრულდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"