სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩაფლავდა და დათა ახალაიას ვერაფერს უმტკიცებენ, გამოძიება ცდილობს ყალბი მტკიცებულებების შექმნით რაღაც ახალი ეპიზოდი დაამატოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წარდგენის კომენტირებისას განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ის კატეგორიულად არ ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილ ბრალდებას.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩიხშია შესული და "პროკურატურამ მოიფიქრა და ცრუ მოწმეებით და ცრუ დაზარალებულების დაკითხვით ცდილობს რაღაც ახალი ეპიზოდი დაამატოს, რომ გაამყაროს გირგვლიანის საქმეზე ის ბრალდება, რომელიც არის აბსურდული და არ მტკიცდება".
"როდესაც დათა ახალაიას გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენეს, მათ ეგონათ, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და გამოკვეთდნენ რაღაც ეპიზოდებს. მაგრამ, ექსპერტიზის დასკვნებით და მტკიცებულებებით სულ თავდაყირა დადგა ეს საქმე. ახლა ვერაფერს ვერ უხერხებენ გირგვლიანის საქმეს, ახალაიას არაფერი არ უმტკიცდება და ყალბი მოწმეებით სურთ ფონს გავიდნენ. გარწმუნებთ, რომ აქ იქნება ძალიან დიდი სკანდალი.
ამასთან, კატეგორიულად ვითხოვ პროკურატურისგან, რომ დაადგინონ და განსაზღვრონ გირგვლიანის მეგობრის, ლევან ბუხაიძის და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში", - განაცხადა ადვოკატმა და აქვე დასძინა, რომ იმას, თუ რა როლი მიუძღვით ზემოთ დასახელებულებს, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ამასთან, დღეს დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქეების, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კუდ-ის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა, კონსტანტინე კაციტაძემ განაცხადა, ბრალდების შესახებ გამოტანილია დადგენილებები ყოფილი მაღალჩინოსნების, კუდ-ის ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას და კუდ-ის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსის გერონტი ალანიას მიმართ.
პროკურორის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე დათო, გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც ვ. აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა.
"ხსენებული დათო შემდგომში აღმოჩნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დავით ახალაია. ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, ვამეხ აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს, შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი. შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული გამოძიებით დაუდგენელი პირი.
დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს. მას შემდეგ რაც მათ გული იჯერეს აბულაშვილის ცემით და დამცირებით, ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კითხა თუ რომელი მოეკლა პირველი, რის შემდეგაც მათ მიმართულებით მოახდინა გასროლა ჰაერში.
ასევე, ახალაიამ კატეგორიულად გააფრთხილა ისინი, რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება.
აქვე გაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით", - განაცხადა კონსტანტინე კაციტაძემ.