საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ევროპული კავშირის სამართლის ექსპერტის, ლევან ბოძაშვილის აზრით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
როგორც ბოძაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდა კონსტიტუციით დადგენილი წესისა, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების წესი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება. იგი განმარტავს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, არსებობს ხელშეკრულებების რამდენიმე სახე: სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები, მთავრობათაშორისი ხელშეკრულებები და უწყებათაშორისი ხელშეკრულებები.
"სახელმწიფოთაშორისია ხელშეკრულება, რომელიც ეხება: ტერიტორიულ და ზავის საკითხებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მოქალაქეობას, საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში, სამხედრო საკითხებს, საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას. ამავე დროს, ამავე კანონის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით იდება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც არ ეხება ზემოჩამოთვლილ საკითხებს", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დასადები ასოცირების შეთანხმება არის სახელმწიფოთშორისი ხელშეკრულება.
"ეს არის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რადგან ის ეხება საქართველოს მონაწილეობას ევროპული კავშირის ერთიან ბაზარში, რომელიც რეგულირდება არა მხოლოდ ამ ხელშეკრულებით, არამედ უპირველესად, ევროპული კანონმდებლობით; ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების საკითხებს, კანონმდებლობის ადაპტაციას ევროპულ კანონმდებლობასთან, რაც მოიცავს სახელმწიფოს საქმიანობის უამრავ სფეროს, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მართვას და ეს არ ეხება მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობას, არამედ ხელისუფლების ყველა შტოს, რომლის გამართულ და კონსტიტუციასთან შესაბამის საქმიანობაზე პასუხისმგებელი გარანტორი არის საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, ევროპული კავშირი ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და საერთაშორისო ორგანიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო ეს შეთანხმება არის თავისი შინაარსით სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, მას ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის 73-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით, ანუ მთავრობასთან შეთანხმებით, ანუ პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, იგივე თანახელმოწერით", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე არ მიანიჭებს აღნიშნულ შეთანხმებას სახელმწიფოთშორის ხასიათს, რაც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, არ იქნება სწორი, მაშინ მისი ხელმოწერის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლება მისი ხელმოწერის უფლებამოსილება საგარეო საქმეთა ან სხვა მინისტრს გადასცეს".
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"