რუსთავის სასამართლომ გასული წლის 25 ნოემბერს, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გიორგი ფირანიშვილისა და მერაბ კალანდაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს - შოთა ჭელიძეს, გიორგი ნავერიანს, არჩილ გოგიშვილსა და ზურაბ კუხალაშვილს 17-17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენი მოსამართლე მაკა გველესიანმა ცოტა ხნის წინ გამოიტანა. განაჩენის გამოტანამდე ბრალდებულებს მოსამართლემ სიტყვა მისცა. ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ, რადგან მკვლელობა არ ჩაუდენიათ.
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანას დარბაზში მყოფები ხმაურით შეხვდნენ. მცირე შელაპარაკება მოხდა ბრალდებულებისა და დაზარალებულების ოჯახის წევრებს შორის.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებდა, სწორედ ამიტომ ისინი რუსთავის საქალაქო სამსამართლოს განჩინებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სადახლოზე მოკლული გიორგი ფირანიშვილის ბებია გულიკო გიგიბერია აცახდებს, რომ მას სასამართლოსგან მსგავსი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.
"რომ გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით არა, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ, რომ ამათი ოჯახები დაინგრა. ძაან ვწუხვარ, მაგრამ სამართალმა იზეიმა, მეცოდება მათი ოჯახები, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა. სასამართლომ და კანონმა გადაწყვიტა, რომ ესენი არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ, ზუსტად ეს მოლოდინი მქონდა," - განაცხადა, გარადცვლილი გიორგი ფირანიშვილის ბებია გულიკო გიგიბერიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ფირანიშვილსა და დილარ მუკბანიანს, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაკეში დაპირისპირება მოუხდათ დაკავებულ პირებთან, რა დროსაც მკვლელობაში მონაწილე პირებიდან, ერთ-ერთის ძმა დაიჭრა. მოკლული ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე ახალგაზრდებს სომხეთში გადასვლაში ეხმარებოდა. ჩასაფრებული თავდამსხმელები მერაბ კალანდაძეს ორი მანქანით აედევნენ და სადახლოში მისულ ფირანიშვილს, მუკბანიანსა და კალანდაძეს ცეცხლი გაუხსნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და შეიარაღებული თავდასხმის მუხლებით აღიძრა.
შოთა ჭელიძე, გიორგი ნავერიანი, არჩილ გოგიშვილი და ზურაბ კუხალაშვილი საპატრულო პოლიციამ 2013 წლის 25 ნოემბერს, დანაშაულის ჩადენის ღამესვე დააკავა.