"თბილისი მოლში" სამხატვრო აქცია-კონკურსი "არა ომს" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტების შვილები მიიღებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "რაკიინიდან" აცნობეს, ღონისძიება 14 სექტემბერს, 13.00 საათზე გაიმართება.
"ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე ომებმა დაგვარწმუნა, რომ მშვიდობის ფასი არაფერია. უკრაინის და ერაყის მოვლენებმა ცხადყვეს, ბოროტმოქმედებას არც ეთნოსი, არც ასაკი და არც წარმომავლობა არ გააჩნია. ასობით დასახიჩრებული ბავშვი, დაღუპული ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოსახლეობა - ამ საზარელი სინამდვილით შევა 2014 წლის ივლისი-აგვისტო მემატიანეში", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხშირად ხვდებიან ცეცხლის ხაზზე. მათი შვილები მუდმივი სტრესის ქვეშ იზრდებიან და "არაბავშვური" ემოციებით იტვირთებიან.
"დამთავრდა მძიმე ზაფხული და დადგა ახალი სასწავლო წელი! "არა ომს!" - ეს სოლიდარობის აქცია "თბილისი მოლში" გაიმართება ჟურნალისტების შვილების მონაწილეობით. გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, ზალიკო სულაკაურის თავმჯდომარეობით. ჟიურის წევრები არიან ინგა გრიგოლია, მაია ასათიანი, ანრი ჯოხაძე. საუკეთესო ნამუშევარი გამოიფინება "თბილისი მოლის" გარე ფასადზე", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, კონკურსანტები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. ბავშვებს უმასპინძლებს საოჯახო-გასართობი ცენტრი "ბუმ-ბუმი", სადაც სადღესასწაულო ტორტი გაიჭრება.