იყო დრო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებისეული სირთულეები მხოლოდ ახლობელმა ადამიანებმა და ოჯახის წევრებმა იცოდნენ. თუმცა ხშირად, ისინიც მალავდნენ მათ, რადგან “განსხვავებულ” ადამიანებზე და მათ პრობლემებზე საუბარი ცუდ ტონად მიიჩნეოდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია. ადამიანებმა გავაცნობიერეთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არის მხოლოდ გარკვეული, ვიწრო წრის ტკივილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა გაიზიაროს შშმ პირების პრობლემები, მიიღოს ისინი სრულუფლებიან წევრებად და დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
ჩვენ - საზოგადოების წევრებს და რაც მთავარია, სახელმწიფოს უნდა გვახსოვდეს, რომ უფლება არ არის წყალობა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა თავისი მოქალაქეების მიმართ. სახელწმიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს თანაბარი პირობები შეუქმნას. განათლება, დასაქმება, სპორტი, საცხოვრებელი პირობები და ტრანსპორტი ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვომი უნდა იყოს.
შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ, სხვა ბევრ ასპექტთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მათთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
შშმ პირებიდან ერთ-ერთი ჯგუფი ეტლით მოსარგებლეებია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილების უზრუნველყოფა. ჩვენს ქვეყანაში კი ისინი ამ პრობლემებს სახლიდან გასვლისთანავე აწყდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, ქუჩები, სკვერები, შენობა-ნაგებობების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების მიხედვით.
ამ პრობლემისადმი ზედაპირული დამოკიდებულების არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში პანდუსი ქუჩის მხოლოდ ერთ მხარესაა დამონტაჟებული. გადასასვლელში ეტლით ჩასული ადამიანი იძულებული იქნება იმავე მხარეს ამოვიდეს.
თბილისში არსებული გადასასვლელი ხიდებიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფაქტობრივად გამოუყენებელია, რადგან პანდუსების დაქანება საკმაოდ დიდია და არათუ დამოუკიდებლად, არამედ სხვისი დახმარებითაც კი რთულია გადაადგილება.
რაც შეეხება ავტოსადგომებს, აქ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი თითქმის ყოველთვის დაკავებულია. რაც ყველაზე საოცარია, ავტომობილის ნაცვლად შესაძლებელია იქ ნაგვის ურნაც კი დაგხვდეთ.
საკმაოდ მნიშვნელოვანია შშმ პირთათვის სპეციალური, ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა. მართალია, თბილისის მერიამ მათთვის რამდენიმე სპეციალური ავტობუსი გამოყო, რომლებზეც მოძრავი პანდუსია დამონტაჟებული, ხოლო უკანა სავარძლები გაუქმებულია. მაგრამ, როგორც „ინვალიდთა ლიგაში” ამბობენ, ისინი სპეციალური ტრანსპორტის არსებობას ქალაქში ვერ ამჩნევენ. რადგან ამ სახის ავტობუსებზე არ არსებობს სპეციალური განმასხვავებელი ნიშნები და უცნობია მათი მარშრუტიც. თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს, 2015 წელს უკვე ყველა ავტობუსი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.
საქართველოში ძალიან ცოტაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე შენობაც, სადაც შშმ პირები შეუზღუდავად შეძლებენ გადაადგილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო და გასართობი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების გათვალისწინებით. მაგალითად, თბილისის კაფე-ბარების უმეტესობაში შესვლა ეტლით მოსარგებლე ადამიანს ძალიან გაუჭირდება.
დღემდე არ არის ადაპტირებული სამედიცინო დაწესებულებათა უმეტესობა: შენობებს არა აქვს პანდუსები, შესაბამისი ლიფტი. ადგილზე მისვლა სხვა ადამიანის დაუხმარებლად ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ეს კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უკარგავს მთავარს - დამოუკიდებლობის განცდას, რაც ყველა ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
(R)