ცნობილი ქალების მონაწილეობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში, ხვალ, სპექტაკლი "სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" გაიმართება. სპექტაკლი წარმოადგენს პროექტს ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქალბატონები, რომლებიც სცენიდან მოგვითხრობენ ქმრის, საქმროს, საყვარლისა თუ ყოფილი მეგობარი მამაკაცის მიერ მოკლული ქალების ნამდვილ ისტორიებს. ისინი ამ თემებზე მონოლოგებს წაიკითხავენ. იტალიის ელჩის განცხადებით, წარმოდგენის მიზანია, საზოგადოების, მედია საშუალებებისა და სხვადასხვა ინსტიტუციების ყურადღების მიპყრობა ქალთა ძალადობის აღმოფხვრისთვის მიმართ.
უფრო კონკრეტულად, სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, ასევე მაკა ჩიჩუა, ანუკი არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ერიკა კრაპილოვა, ეკა მიშველაძე, ტურკ პირიო, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე და თეა წულუკიანი. პროექტი დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიერ, ღონისძიების ორგანიზატორია იტალიის საელჩო.
როგორც მარჯანიშვილის თეატრში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ჩიჩუამ განაცხადა, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა მომატებულია და ძალიან კარგია, რომ ასეთი ღონისძიება ტარდება.
"ამ მხრივ მძიმე სურათია, ამიტომ როდესაც შემომთავაზეს მონაწილეობა, დავთანმხდი. ეს თემა ძალიან აქტუალურია. ერთი კვირის წინ ვნახეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ყველანაირ პროექტში ჩავერთვებით, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ არის მიმართული", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
"სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" ედგარ ლი მასტერსის სახელგანთქმული "სფუნ რივერის ანთოლოგიის" მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია, ტექსტები დაწერილია ცნობილი იტალიელი სატელევიზიო სახისა და მწერლის სერენა დანდინის მიერ. ტექსტები ეფუძვნება ნამდვილ ისტორიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებას. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში 19:30 საათზე დაიწყება.