მთავრობა არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს

მთავრობა არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა "არბიტრაჟის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორია კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, ხოლო ინიციატორი - მთავრობა.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიზანია "არბიტრაჟის შესახებ" კანონის "საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ" UNCITRAL-ის მოდელურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი გარემოს შექმნა, არბიტრაჟის ინსტიტუტის - როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხარეთა უფლებას, მხოლოდ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას მიმართონ. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, UNCITRAL-ის მოდელური კანონიდან გამომდინარე, მხარეებს ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება, მიმართონ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ არბიტრაჟსაც. "არბიტრაჟის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ არბიტრაჟსაც მიმართონ.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება აღარ იქნება ვალდებული საარბიტრაჟო წარმოების წესები ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ არბიტრაჟი კერძო სერვისია, მან საკუთარი წესების გამოქვეყნებაზე თავად უნდა იზრუნოს.

მოქმედი კანონის მიხედვით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. კანონში დაგეგმილი ცვლილბებით კი, ასეთ შემთხვევაში მხარეებს შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატების ხელმოწერა აღარ მოეთხოვებათ.

პროექტით დგინდება, რომ მხარეს არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეეძლება სასამართლოში გაასაჩივროს არა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან, არამედ გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

კანონპროექტით არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული(საქალაქო) სასამართლოს მაგივრად, სააპელაციო სასამართლო განახორციელებს. UNCITRAL-ის მოდელური კანონიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან იმიჯნება შემთხვევები, როდესაც არბიტრაჟს არა აქვს კომპეტენცია და როდესაც არბიტრაჟმა თავის კომპეტენციას გადააჭარბა. კომპეტენციასთან დაკავშირებული ცვლილებებით ასევე ზუსტდება არბიტრაჟის შესაძლებლობა, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მიიღოს გადაწყვეტილება თავისი კომპეტენციის თაობაზე.

"არბიტრაჟის შესახებ" მოქმედ კანონში მითითება კეთდება "სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" 192-ე მუხლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მხარეს არა აქვს შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობამ, შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხარის მიმართვის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდეც. ცვლილებებით ასევე დგინდება, რომ არბიტრაჟი ვალდებულების ნაცვლად, უფლებამოსილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიცირებული პროექტით ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ცნობილი და აღსრულებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმავე საფუძვლით, რითაც მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, ასევე დაუშვებელი იქნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა იმავე საფუძვლით, რომლითაც მხარე აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

ცვლილებებით ზუსტდება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებაზე, ისევე, როგორც ცნობასა და აღსრულებაზე, უარის თქმა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება