ვლადიმერ მარკინის განცხადებები, ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიციებს მიხეილ სააკაშვილს უძლიერებს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წევრის, ვლადიმერ მარკინის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის ფედერაციამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
ვოლსკის შეფასებით, "აღნიშნული პოლიტიკურ დივიდენს ისევ მიხეილ სააკაშვილს აძლევს, რუსეთმა კი, რაც უნდოდა ის განახორციელა, რაშიც სააკაშვილის პოლიტიკამ შეუწყო ხელი".
"რუსეთის მხრიდან ამ საქმის განვითარების ნაკლებ პერსპექტივებს ვხედავ, რადგან რუსეთმა თავად განახორციელა აგრესია. Aაგრესია საქართველოს არ განუხორციელებია. საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლება. როგორც კი ჩვენ ავლაპარაკდებით სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელმაც რუსეთს საშუალება მისცა, აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, იმ წუთში მაშველ რგოლივით გადმოუგდებენ რუსეთიდან, რომ თურმე მათ ჰქონიათ პრეტენზია სააკაშვილთან. ამით მინიშნებას აკეთებენ, რომ მის მიმართ პრეტენზიები ეს რუსეთის პრეტენზიებია სააკაშვილის მიმართ. ვლადიმერ მარკინის განცხადება აბსოლუტურად არადეკვატური და პოლიტიკურად შეფუთულია. თუ რაიმე პრეტენზიები აქვთ, გადააგზავნონ, მაგრამ არ მგონია სააკაშვილთან რუსეთს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს - მათ სამხრეთ ოსეთში სამხედრო პოზიციების გაძლიერება სურთად და ამას ხელი შეუწყო სააკაშვილის გაუთვლელმა და არასწორმა სტრატეგიამ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ განცხადებაში პოლიტიკურ საფუძველს ვხედავ. სააკაშვილს 9 აგვისტოს ბრძანებულებაზე აქვს ხელი მოწერილი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ, მაშინ როდესაც ყველამ ვიცოდით, რომ ფილტრაცია გაცილებით უფრო ადრე ხდებოდა. უამრავი სხვა პრეტენზია აქვს საზოგადოებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ", - აცხადებს გია ვოლსკი.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გამოცემა Собеседник-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან სასამართლოს წინაშე წარსდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მისი თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "გენოციდის", "მკვლელობისა" და "ომის წარმოების მეთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების" ბრალდებით ჩატარდა და საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"