თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს.
"მართალია ნაკრების ლიდერებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს და მსოფლიოს ჩემპიონი სულაც მეორე წრეში დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ უშანგი მარგიანმა იყოჩაღა, ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წინასწარი შეხვედრები დილის 10:00 საათიდან დაიწყო. მამაკაცთა შორის მედლები 73 და 81 კილოგრამში გათამაშდა, ქალებმა ჩემპიონ-პრიზიორები 63 და 70 კილოგრამში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებისთვის ორივე წონა მნიშვნელოვანი იყო - 73 კილოგრამში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ჭიდაობდა, თუმცა ჭრიკიშვილი მოულოდნელად მეორე წრეში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
საერთოდ კი შეჯიბრებაში ჩაბმული 8 ქართველი ძიუდოისტიდან 5-მა მედლისთვის იჭიდავა, აქედან ორი ერთამანეთს შეხვდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ჯერ შვედი ტომი მაკიასი დააიპონა, მერე კი პოლონელ დამიან შვარნოვსკის შეხვდა და ძალების დაზოგვით, მშვიდად მოუგო. მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება შედგა - შავდათუაშვილი ევროპის ვერცხლის პრიზიორს ნუგზარ ტატალაშვილს დაეჭიდა და შარშანდელი თბილისური შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად იუკოთი დაამარცხა. ოლიმპიური ჩემპიონი ტურნირის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს გაეჯიბრა და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შავდათუაშვილი კიდევ ერთ აზერბაიჯანელს ჰუსეინ რაჰიმლის დაუპირისპირდა და მტკივნეული ილეთით მოუგო.
ამავე წონაში ნახევარფინალში გავიდა ზვიად კაპანაძე, სადაც ყაზახ დასტან იაკიბაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ნუგზარ ტატალაშვილს გაეჯიბრა, ვინც შავდათუაშვილთან მარცხის შემდეგ დამამშვიდებელში უკრაინელ არტემ ხომულას აჯობა. ქართული დაპირისპირება ტატალაშვილმა მოიგო და ბრინჯაო ირგუნა.
ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა წუთსა და 16 წამში დააიპონა. მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან მთელი შეხვედრა წინ იყო და თითქოს ყველაფერი გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მაგრამ მოულოდნელად თავისივე დაწყებულ ილეთზე წამოეგო და იპონით წააგო. ნაადრევი მარცხის გამო ჭრიკიშვილმა ბრძოლა ვერც დამამშვიდებელ ჯგუფში გააგრძელა და ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს უშანგი მარგიანმა და გიორგი პაპუნაშვილმა. მარგიანი რუს შირაზუდინ მაგომედოვს დაეჭიდა და ლამაზი გდებით დააიპონა. პაპუნაშვილი კი ასევე რუს ხუბეცოვს შეხვდა და ორი ვაზარით დამარცხდა. მარგიანი ფინალში სწორედ მას გაეჯიბრა და გაფრთხილებით წააგო.
პაპუნაშვილმა ბრინჯაოსთვის მონღოლ ნიმასურენთან იჭიდავა და ასევე გაფრთხილებით დამარცხდა", - აცხადებენ სამინისტროში.
დღესვე ფინალური ბლოკის დაწყებამდე გაზეთმა "ლელომ" ავთანდილ ჭრიკიშვილს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცა, საერთაშორისო ფედერაციამ კი ზურაბ კახაბრიშვილს ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო უსახსოვრა.
ხვალ, წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე, ფინალური კი 17:00 საათზე დაიწყება. ვაჟები საუკეთესოებს 90, 100 და მძიმე წონაში, ქალები კი 78 და +78-ში გამოავლენენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"