საქართველო ნარკომანიასთან ბრძოლის ევროპულ გამოცდილებას ეცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში იუსტიციის სასწავლო ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ობსერვატორიისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივი ღონისძიება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. კონფერენციას ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ობსერვატორიის საერთაშორისო თანამშრომლობის სექტორის ხელმძღვანელი სესილი მარკელი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ბორის იაროშევიჩი. ასევე ექსპერტები საქართველოდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და ხორვატიიდან.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საქართველო მასპინძლობს ევროკავშირის სააგენტოს, რომელსაც ეწოდება ნარკოტიკების მონიტორინგის ობსერვატორია.
"ასეთი ტიპის ეროვნულ ობსერვატორიებს ქმნიან ევროკავშირის წევრებიც და ჩვენ, როგორც ინტეგრაციაში მყოფ ქვეყანას, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გვევალებოდა, რომ ამ სააგენტოსთან დაგვემყარებინა თანამშრომლობა. დღეს ამ თანამშრომლობის ფარგლებში სემინარი ეძღვნება ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთან ბრძოლაც თქვენ გახსოვთ, რომ საქართველომ წელიწად-ნახევრის წინ გააჩაღა საკმაოდ წარმატებით და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ შორის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. დღეს, ჩვენ, ჩვენი კოლეგებისთვის, ამ მხრივ ბევრი სიახლე გვაქვს სათქმელი", - განაცხადა წულუკიანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"