მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია, - ამის შესახებ კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია, რამაც გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვია.
"სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია: გულის წინა კედლის მარცხენა პარკუჭის მწვავე ტრანსმულარული მიოკარდიუმის ინფარქტი (ნეკროზის სტადია). გულის კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი. ინფრაქტისშემდგომი კარდიოსკლეროზის მრავლობითი და ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი კერები. ჰიპერტონია. გულის ჰიპერტოფია, შიდა ორგანოებში მკვეთრად გამოხატული მწვავე არტერიული სისხლჭარბობა. ფილტვების და ტვინის შეშუპება. მუცლის ღრუს მიდამოში აორტის მკვეთრად გამოხატული ათეროსკლეროზი. თავის ტყვინის არტერიის ათეროსკლეროზი. თირკმელების და ღვიძლის პარენქიმური დისტროფია.
სასამართლო-ქიმიური გამოკვლევის დროს გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებულ შინაგანი ორგანოების, სისხლის და შარდის ნიმუშებში არ აღმოჩნდა: ბარბიტურატები და ამ ჯგუფის სხვა ელემენტები. მეტადონი, მორფინი და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები; კოდეინი, დიონინი, ჰეროინი, ჰიდროკოლანი, პაპავერინი, პრომედოლი, ატროპინი, კოკაინი, პაჰიკარპინი, ნიკოტინი, ელენიუმი, ტაზეპამი, სედეუქსენი, ამინაზინი, დიპრაზინი, ტიზერდინი, მაჟენტილა, ტრიფტაზინი, იმიგზინი და მისი ანალოგები", - წერია სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
თოლოდრავას მეუღლის, განო მელითაურის თქმით, მნიშვნელოვანია ჟურნალისტები სწორ ინფორმაციას ფლობდნენ, რათა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
"ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მედიატორები ჩვენსა და საზოგადოებას შორის, სიმართლე, რეალობა იცოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გაიგოს თოთოეულმა ადამიანმა", - აღნიშნა განო მელითაურმა.
სასამართლო-სამედიცინო დასკვნა ოჯახმა მოსკოვიდან მიიღო.
იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავა ინფარქტით დაიღუპა - მსახიობის მეუღლემ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა