ქალაქ თბილისის მერიაში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან შეხვედრა გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე კომისიის წევრები, რომლებმაც გამარჯვებულის გამოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრები და მოწვეული არქიტექტორები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები, რომელიც უმთავრესად მეტი სივრცის გაჩენასა და მოცულობის შემცირებას ეხებოდა, გამარჯვებულს მაქსიმალურად ჰქონდა გათვალისწინებული.
შეხვედრაზე გაკეთდა პროფესიული შეფასებები და დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით მიღებული განაშენინების რეგულირების გეგემა წარმოდგენილია პროფესიული მიდგომით და შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში უკეთესად არის დამუშავებული. განხილვის მონაწილეთა შეფასებით, ეს არის ახალი პროექტი, რომელსაც ნამდვილად აქვს სამომავლო განვითარების კარგი პერსპექტივა. აქვე დაფიქსირდა რეკომენდაციები პროექტის სივრცით გეგმარებითი გადაწყვეტის კუთხითაც, რომელთა გათვალისწინებაც პროექტის არქიტექტორის განცხადებით, სამომავლო დამუშავებისას მაქსიმალურად მოხდება.
რაც შეეხება არქიტექტურულ–ტექნიკური ხასიათის მქონე შენიშვნებს, შუალოდ პროექტირების ეტაპზე, წარმოდგენილი ესკიზური ვარიანტი რეკომენდაციების საფუძველზე კიდევ უფრო დაიხვეწება.
თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე იმართება საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით მსგავსი სახის განხილვები, რათა ხელი შეეწყოს ქალაქის განვითარებას და ამასთან, მაქსიმალურად იქნას დაცული ტერიტორიის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა.
როგორც არქიტექტორმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, აკადემიკოსმა გიორგი ბათიაშვილმა აღნიშნა, არაერთი შეხვედრა და მსჯელობა გაიმართა პროფესიულ წრეებს შორის, რამაც დადებითი შედეგები გამოიღო.
"პროექტი გაცილებით უკეთესი და მისაღებია ქალაქისათვის", - აღნიშნა გიორგი ბათიაშვილმა. მისი თქმით, ამ განხილვების შედეგია ის, რომ პროექტის მოცულობა 5 000-მდე კვადრატული მეტრით შემცირდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"