საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 26 საფეხბურთო გუნდისთვის ფედერაციის წევრად გახდომას და მათთვის ხმის მიცემის საკითხს რიგგარეშე აღმასკომის სხდომაზე განიხილავს, რომელიც პირველ დეკემბრამდე ჩატარდება.
როგორც ჟურნალისტებს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ფირცხალავამ განუცხადა, საფეხბურთო კლუბებს ფედერაციამ წევრობაზე უარი არ უთხრა. უბრალოდ კლუბების საკითხი გადაიდო იმის გამო, რომ გუნდების დოკუმენტაცია კვლავ არ ჰქონდათ წესრიგში.
"ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე არავისთვის გვითქვამს უარი. უბრალოდ ამ შემთხვევაში დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილად წარმოდგენილი. ჩვენ პირველივე შესაძლებლობაზე წლის ბოლომდე რიგგარეშე ყრილობას ჩავინიშნავთ და იქ განვიხილავთ გუნდების გაწევრიანების საკითხს", - განაცხადა ფირცხალავამ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ფედერაციის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ რეგიონული ფედერაციების მიერ წარმოდგენილი 35 დელეგატი ისარგებლებს, 26 გუნდის ფეხბურთის ფედერაციაში წევრად გახდომის შემთხვევაში კი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებიც მიიღებენ. აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება "დინამო თბილისის" პრეზიდენტი, რომან ფიფია და მიიჩნევს, რომ კლუბების უფლებაა იყვნენ ფედერაციის სუბიექტები და სარგებლობდნენ ფედერაციის არჩევნებზე ხმის უფლებით.
ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია. როგორც მან აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის საკითხთან დაკავშირებით თავის თანამოაზრეებს შეხვდება.
"არ მესმის რატომ არ აძლევენ კლუბებს ხმის უფლებას. უნდა შევხვდე ჩემს ყველა თანამოაზრეს, მათ შორის ლევან კობიაშვილსაც და მომდევნო ნაბიჯებზე შევჯერდეთ, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ. იგი არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლომდეც მივიდეს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მასში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებენ.