პარიზის ტერაქტების ფონზე, ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებს პარტნიორობის გაძლიერებას სთავაზობს. "ინტერპრესნიუსს" ბრიუსელიდან მოაწოდეს პრესრელიზი სახელწოდებით - "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვა: უფრო ძლიერი პარტნიორობა ძლიერი სამეზობლოსთვის", რომელიც სავარაუდოდ უახლოეს ხანში უნდა გამოქვეყნდეს.
ევროკავშირის განახლებული მიდგომები მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლებისადმი ითვალისწინებს კონსულტაციების გაფართოებას წევრ სახელმწიფოებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო და სამეცნიერო საზოგადოებასთან.
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტერორისტული თავდასხმების ფონზე პარიზში, ასევე ლიბანში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ერაყში, სახეზეა სამეზობლოში უფრო ეფექტური და ძლიერი პარტნიორობების გადაუდებელი აუცილებლობა. განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების ჩართვას უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოებაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მისი მთავარი გამოწვევა დღეს არის სტაბილურობა თავის სამეზობლოში, ვინადან კონფლიქტები, ტერორიზმი და რადიკალიზმი ყველას ემუქრება. ასევე დაუცველობის წყაროა სიღარიბე, კორუფცია და სუსტი მმართველობა. აქედან გამომდინარე, ვროკავშირი თავის პარტნიორებთან ურთიერთობაზე ფოკუსირებას განაახლებს, ეს განსაკუთრებით ეხება ეკონომკის განვითარებას, ახალგაზრდობის დასაქმებას და მათთვის შესაძლებლობების შექმნას და სხვა.
ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა თავის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად განსაზღვრავს სტაბილიზაციას და დიფერენციაციას. აღიარებს რა, რომ ყველა პარტნიორი ერთნაირად არ მიისწრაფვის ევროკავშირის სტანდარტებისადმი, ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკის მიდგომების ასახავს თითოეული ქვეყნის სურვილებს ევროკავშირთან მისი პარტნიორობის ბუნებიდან და თვალთახედვიდან გამომდინარე. ევროკავშირი გააგრძელებს უნივერსალური ფასეულობების ხელშეწყობას სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით და მოძებნის უფრო ეფექტურ გზებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის გასავითარებლად.
ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის გაძლიერებაზე უსაფრთხოების სექტორში, განსაკუთრებით კონფლიქტის პრევენციის კუთხით. განახლებული მიდგომები ითვალისწინებს, ერთის მხრივ, უსაფრთხო და ლეგალურ გადაადგილებას, მეორეს მხრივ, უკანონო მიგრაცის, ტრეფიკინგისა და კონტრაბანდის პრობლემებით დაკავებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დიდი ყურადღება მიექცევა პარტნიორებთან მუშაობას ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში.
გარდა ამისა, ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა ახალ სამუშაო მეთოდებს ითვალისწინებს. კერძოდ, გაუქმდება ტრადიციული ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებები. ამის ნაცვლად, ანგარიშები მომზადდება დაკვეთით, სამუშაო კალენდრისა და ცალკეული ურთიერთობების დღის წესრიგიდან გამომდინარე.
ამასთან, ახალი სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია რეგიონული პრობლემების გადაწყვეტაში, საჭიროებისამებრ, ჩართოს არამეზობელი რეგიონული მოთამაშეები.
დაღნიშნული წინადადებები უახლოესი თვეების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან განხილვის თემა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მიმდინარე წლის მარტში დაანონსა და ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყო. "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა" ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გასამყარებლად 2003 წელს შეიქმნა. პროგრამა მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსს, მოლდოვას, უკრაინას, ასევე, სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებს - ალჟირს, ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიას, ლიბანს, ლიბიას, მაროკოს, პალესტინას, სირიას და ტუნისს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"