ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამომძიებლებს დნმ-ის ნიმუშების აღებაზე უარი უთხრეს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებს, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დნმ-ის ნიმუშები მოსთხოვეს, რის აღებაზეც მათ უარი განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მათთან გამომძიებლები რამდენიმე დღის წინ სწორედ დნმ-ის ნიმუშების აღების მიზნით იმყოფებოდნენ.

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილი ამ თემაზე გუშინ კომენტარი არ გააკეთა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ველიჯანაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას დღეს გამართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ უარის თქმის მოტივზე ვრცლად ისაუბრებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დნმ-ის ნიმუშების აღებაზე ფირცხალავამ და ცააძემ უარი განაცხადეს, "ინტერპრესნიუსს" იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა. მისი განმარტებით, პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სხვა პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის დადგენის მიზნით აგრძელებს გამოძიებას.

მოსიაშვილის შეფასებით, ფაქტი, რომ ფირცხალავა და ცააძე დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარს ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის ხელის შეშლაა.

"ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა გია სოსანაშვილი, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაულში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. სწორედ კონკრეტული პირების დადგენის მიზნით, მთავარ საქმეზე გრძელდება გამოძიება. ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ უარი თქვეს დნმ-ის ნიმუშების აღებაზე, რაც წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ხელის შეშლას", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს