აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირება პირველ იანვრამდე გადაიდო. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეგლამენტში შევიდა დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნები გამკაცრდა შემდგომში ინსპექტირების განმახორციელებლი ორგანოების მიმართ.
"ჩვენ ისინი დავავალდებულეთ, რომ ჰქონდეთ გარკვეული მოწყობილობა-დანადგარები, ასევე გამკაცრდა მოთხოვნები სხვა შენობებიდან დაშორებასთან დაკავშირებით იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები. 300 ათას ავტომობილს ეხება ეს ყველაფერი.
ჩვენი ანალიზით, კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების აღჭურვა იმისათვის, რომ სწორად გაეკეთებინათ მათ ინსპექტირება. რომ არ გამოგვეწვია ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის სამართლიანი უკმაყოფილება და მეორე მხრივ, არ არის მომზადებული ინსფრასტრუქტურა, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამკაცრების და 1 -ელი იანვრისთვის გადავადების შესახებ. ამ დრომდე აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული ინსპექტორი ან შესაბამისი ინსტიტუტი გვქონდეს, რომ დავიწყოთ აირბალონიანი მანქანების ინსპექტირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.