ინტელექტუალური საკუთრების თემაზე მთელი საქართველოს მასშტაბით გაკვეთილები მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქპატენტიდან აცნობეს, 100-მდე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან - 26 აპრილთან დაკავშირებით, სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტთან (USAID/G-Pried) თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, IV-VI კლასებისათვის სპეციალური გაკვეთილის გეგმა შემუშავდა. საჯარო სკოლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია აღნიშნული გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელშიც სასწავლო მასალად გამოყენებულია G-Pried-ისა და საქპატენტის თანამშრომლობით შექმნილი საკითხავი წიგნი „დორემიუს სოლასი“ (ავტორი: ირმა მალაციძე), ზღაპარი საავტორო უფლებების შესახებ, ასევე, მოსწავლეებისთვის განკუთვნილ გაზეთში „კითხვის დრო“ გამოქვეყნებული სტატია გამოგონებების შესახებ -„უცნაური პატენტები“.
”კახეთში სოფელ გავაზში, თბილისის 64-ე და რუსთავის 21-ე საჯარო სკოლებში, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლაში 25-27 აპრილს ჩატარებულ გაკვეთილებს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძვანელი პირები დაესწრნენ. მოსწავლეები გაეცნენ ობიექტებს, მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის 26 აპრილის შესახებ. მათ დაურიგდათ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა საავტორო უფლებების, გამოგონებისა და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების შესახებ, რომელიც დაიბეჭდა საქპატენტისა და G-Pried -ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში და რომელიც, ასევე, ელექტრონულად არის ხელმისაწვდომი”, - ნათქვამია განცხადებაში.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება 26 აპრილს, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუარული საკუთრების საკითხებში. ზემოაღნიშნული სპეციალური გაკვეთილების ჩატარების მთავარი ამოცანა მოსწავლეებში ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების მიმართ პატივისცემის გაღვივებაა.
