კულტურის მინისტრის მოადგილემ დიდი შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერა

კულტურის მინისტრის მოადგილემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდი შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, დიდი შირაქის ველს ესტუმრნენ და დიდნაურის ნაქალაქარი დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

„ნაქალაქარი, რომელიც სატელიტური ფოტოების გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ივრის ზეგნის ამ მონაკვეთში, გეოგრაფიულად, დიდი შირაქის, პატარა შირაქისა და ზილიჩის ნაყოფიერი ველებია. ველებს ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომელიც XII-IX სს. თარიღდება.

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხი გაითხარა. მუცლის არეში ჩონჩხს აღმოაჩნდა ისრის პირი, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ასევე, მას ზურგთან აქვს ბრინჯაოს მახვილი (ძვ.წ.აღ-ის XIII ს.)“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების მიხედვით, ნაქალაქარი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომისაა; შვიდი მეტრის სიგანის გალავანი ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით არის ნაგები. გალავნის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია.

„ექსპედიციამ, ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც გამოავლინა; გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად, აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით“, რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება, ასევე მიაკვლიეს ერთ საცხოვრებელ სათავსოს. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის (ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები) მიხედვით, „დიდნაურის“ ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ. წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება“, - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, 2015 წელს, არქეოლოგიური სამუშაოები ნაქალაქარის მხოლოდ გარე პერიმეტრზე, სამხრეთ გალავნის კარიბჭესთან და ჩრდილოეთით მდებარე სამაროვანზე ჩატარდა; სამხრეთის გალავანთან გაიწმინდა კარიბჭე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა გალავანთან შეერთების კუთხე, სადაც შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები; იქვე გამოიკვეთა ვერტიკალურად მდგარი ორი ბოძის კვალი.

„კარიბჭის შიდა არეში ქვის ნაგებობების ფრაგმენტები გამოვლინდა. პირველ თხრილში თავდაცვითი თხრილის მცირე მონაკვეთი გაიწმინდა, მისი სრული პროფილის დადგენა მოხერხდა. სამაროვნის ტერიტორია დაფარულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მდინარეული ნარიყი ქვითა და ღორღით. გარკვეულ მონაკვეთზე ქვიანი ფენის აღების შემდეგ ოთხი სამარხი გაითხარა. ინვენტარი აღმოჩნდა მხოლოდ ერთ სამარხში. ამ მასალის მიხედვით, სამარხებს ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებენ. ზოგადად, ნაქალაქარს, მოპოვებული კერამიკული მასალის საფუძველზე, ძვ.წ. XII-XI - VIII-VII სს. ათარიღებენ. დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება. მთლიანი კომპლექსის გამოკვლევამ, შესაძლოა, დასკვნები ძირეულად შეცვალოს ჩვენი წარსულის შესახებ და მრავალი საუკუნით გადაწიოს აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი“, - აცხადებენ სამინისტროში.

InterPressNews.Ge

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ