მთავარი პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს. როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, ვიდეოკადრები აქამდე უცნობია და ის უწყებამ გამოძიების პროცესში მოიპოვა.
მათივე განმარტებით, ვიდეოში ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას, სანაცვლოდ კი შესაბამის პირებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.
"26 მაისის საქმეზე“ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობდა, რა დროსაც გამოვლენილ იქნა ახალი გარემოება. კერძოდ, პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისათვის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"