მედიის განვითარების ფონდმა (MDF) „ანტიდასავლური პროპაგანდის“ შესახებ ერთწლიანი მედიამონიტორინგის ანალიზი წარმოადგინა.
ორგანიზაცია 2016 წლის განმავლობაში აკვირდებოდა როგორც მეინსტრიმულ, ასევე ტაბლოიდურ მედიასაშუალებებს. ტელევიზიებს შორის გამოკვლეულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“ „იმედი“, „მაესტრო“, „ობიექტივი“, კავკასია“, „ტაბულა“ GDS; ონლაინ გამოცემებიდან - „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“, „საქინფორმი“ მარშალპრესი“, საქართველო და მსოფლიო“, PIA და „კვირის პალიტრა“, ხოლო გაზეთებს შორის - „რეზონანსი“, „პრაიმ თაიმი“, ასავალ-დასავალი“ და „ალია“.
მედიის განვითარების ფონდმა ორ კატეგორიად დააჯგუფა მედიასაშუალებები, რომლებიც ანტიდასავლურ ნარატივს აღვივებენ. ე.წ. „კრემლისტურ გამოცემებს“ შორისაა „საქართველო და მსოფლიო“, „საქინფორმი“ და Politicano, ხოლო ე.წ. „ანტი-ლიბერალურ, ეთნონაციონალუსტურ“ მედიებს შორისაა „ასავალ-დასავალი“ „ობიექტივი“ და „ალია“.
„ამ ჯგუფების გზავნილები ძირითადად, იდენტურია და თვისობრივად მათ ერთმანეთისგან კრემლის პოლიტიკის ღია მხარდაჭერა განასხვავებს. ყველაზე მეტი, 166 მასალით ანტიდასავლური გზავნილის წყარო ინტერნეტგამოცემა Geowold.ge (საქართველო და მსოფლიო) იყო, შემდეგია „ასავალ-დასავალია“ 94 მასალით, მას მოსდევს „საქინფორმი“ 89 მასალით, „ობიექტივს“ 42 მასალა ჰქონდა, „ალიას“ კი - 21 მასალა. შედარებით ნაკლებია ანტიდასავლური კომენტარები შემდეგ გამოცემებში: „კავკასია“ – 3 მასალა, „კვირის პალიტრა“ -1, „მაესტრო“ - 1, „მარშალპრესი“ – 1“, - აცხადებენ მედიის განვითარების ფონდში.
MDF-ის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა.
„2014-2015 წლების მსგავსად, ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი (32.7%) კვლავ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
დომინირებდა მოსაზრება, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობას, ოჯახის ინსტიტუტს.
გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მართლმადიდებელი რუსეთი დასავლეთის საპირწონედ იყო წარმოდგენილი.
წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, ნატო-ს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები (20.1%).
მკვიდრდებოდა აზრი, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას გამოიწვევდა.
ნატო-ში ინტეგრაციის საპირწონედ უბლოკო სტატუსისა და ნეიტრალიტეტის იდეა ფიგურირებდა, რომელსაც ძირითადად, ნინო ბურჯანაძის პარტია ამკვიდრებდა.
სხვადასხვა წყაროების მიერ ხდებოდა სირიაში რუსეთის გადამეტებული სამხედრო ქმედებების გამართლება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
კვლევა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"