საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის თხოვნის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს „სამარცხვინოს“ უწოდებს.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლებას ამ მიმართულებით „თავის სამართლებელი არაფერი აქვს“.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეზობელ ქვეყნებს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღეს წაღვერის სტიქიის დაძლევაში, ესენი არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი. ეს ოთხი ქვეყანა მონაწილეობდა უშუალოდ, მაგრამ ერთი რაღაც გამოჩნდა, რომ რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური ჩართულობა არის აუცილებელი. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ, რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა ის, რაც მე მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და, რა თქმა უნდა, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმისი, რომ სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა, იყო აბსოლუტურად რეალური. ოთხშაბათის შუადღე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ქარმა, პრაქტიკულად, იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც სტიქიის დასაწყისში იყო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მოქალაქეებს მიმართა, რომ სათანადოდ შეაფასონ ყველა განცხადება, რომელიც ამ კუთხით გაკეთდა.
„მინდა კიდევ ერთხელ უბრალოდ ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სათანადოდ შეფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით უფრო მაღალი დონის პასუხისმგებლობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის დაცვის, მისი ქონების დაცვის კუთხით და, რა თქმა უნდა, ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენ ჩვენს მანდატს, რომელიც მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად შევასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ასევე პრემიერის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა დეტალური კომენტარი. ჩვენ თავის სამართლებელი ჩვენს მოსახლეობასთან ნამდვილად არაფერი გვაქვს. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა უნდა დავძლიოთ ეს ემოციები და კონსოლიდაციით, გაერთიანებით, უნდა შევუტიოთ ხოლმე ასეთ გამოწვევას. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერმა.