30.06.2025 / 09:10
ეროვნულ გალერეაში ორი უნიკალური იტალიური გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ორი იტალიური გამოფენა, საერთო სახელწოდებით, - ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე" გაიხსნაა.

გამოფენის ფარგლებში მუზეუმში წარმოდგენილია ბოტიჩელის ორიგინალი ”ვენერა” და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები. გამოფენის გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იტალიის ელჩი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბოტიჩელის ,,ვენერა" 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას'' კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ,,ვენერაა'' ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას" მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა" რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის - გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. (პროექტი Venus pudica განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია ,,მეტამორფოზასთან" თანამშრომლობით).

„მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში - რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე. ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით შემუშავებული (განათება-შუქჩრდილი) საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელს შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოადგენს. გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის მთელ შემოქმედებას (Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული ეს პროექტი Opera Omnia იგივე ,,წარმოუდგენელი გამოფენა’’ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა)“, - აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

როგორც ეროვნულ მუზეუმში განმარტავენ, პროექტი, რომლის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check in Georgia.

გამოფენა 29 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში