ოცივე საარჩევნო უბნიდან მოპოვებული ოქმების საფუძველზე, სადაც იყო ყველას ხელმოწერები, მათ შორის „ქართული ოცნების“ კომისიის წევრების, მე გავიმარჯვე 1 ხმით, - ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, თიანეთში არჩევნები დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეკვეთით გაყალბდა. ის არჩევნების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს და აცხადებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„1 ხმით გავიმარჯვე, მაგრამ ეს საკმარისად ჩავთვალე, რადგან გამარჯვება არის გამარჯვება და აღარ დავიწყე დავა ამა თუ იმ უბანზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, რომ ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო. ამის შემდეგ ჩემი წარმომადგენელი წავიდა საოლქო-საარჩევნო კომისიაში, რათა არსებული ოქმების საფუძველზე წამოეღო შემაჯამებელი ოქმი. ჩემს წარმომადგენელს იქ დახვდა სპეცრაზმი 10 პიკაპით, რომელმაც თავისი სამკერდე ნიშნის თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის ქონის მიუხედავად, ის არ შეუშვა ოლქში. მე დავიწყე დარეკვები, მათ შორის ცესკო-შიც და მივაღწიე იმას, რომ 2 საათის შემდეგ, ჩემი წარმომადგენელი ოლქში შეუშვეს. აღმოჩნდა, რომ მის შესვლამდე ჩატარდა სხდომა, სადაც მე-20 უბნის მონაცემები 3-ჯერ გადათვლის შემდეგ დააბალანსეს და დაადგინეს, რომ ბათილი ბიულეტენები იყო შესამოწმებელი. სწორედ ბათილი ბიულეტენების გადათვლით გააყალბეს რეალური შედეგი“, - განაცხადა მეჭიაურმა.
ცესკოს თავდაპირველი ინფორმაციით, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში თამაზ მეჭიაურის მიერ მიღებული ხმები "ქართული ოცნების" კანდიდატის ხმებს აღემატებოდა, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"