სოფო კილაძე - პანკისში ჩატარებული სპეცოპარაციის დროს დაჭრილი პირი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, ამიტომ დროულად მოხდა კიდევ ერთი დანაშაულის აღკვეთა

ჩემი ინფორმაციით, იმ წუთში სამართალდამცავი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, რადგან დაჭრილი პირი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა - დროულად მოხდა კიდევ ერთი დანაშაულის აღკვეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბარისას განაცხადა.

კილაძის შეფასებით, სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა, ძალიან ეფექტიანი იყო.

“როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, ეს ადამიანები საქართველოში მწვანე საზღვრის გავლით შემოვიდნენ და მათ საქართველოში ჰყავდათ დამხმარეები. სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან ეფექტიანი. სახელმწიფოს უწევს ასეთ ნაბიჯებზე წასვლა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იყვნენ დაცული და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს ზიანი არ მიადგეს. ეს ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ტერორიზმი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ტერორიზმი არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და მის წინააღმდეგ დაპირისპირებული ქვეყნებიც კი, ერთობლივად ატარებენ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია - მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. სამწუხაროდ, ტერორისტები ყველა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. საქმე მწვანე საზღვარს ეხება, რომელიც ჩვენი მესაზღვრეების მიერ მაქსიმალურად კონტროლდება, თუმცა მწვანე საზღვარს აქვს თავისი სპეციფიკა, კერძოდ, ყველა მონაკვეთზე მილიონობით პოლიციელი ვერ დგას, რადგან სახელმწიფოსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი. რაც შეეხება სპეცოპარაციის დროს ადამიანის დაჭრის ფაქტს, ჩემი ინფორმაციით, იმ წუთში სამართალდამცავი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, რადგან დაჭრილი პირი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა. დროულად მოხდა კიდევ ერთი დანაშაულის აღკვეთა. იმის მიუხედავად, რომ ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ თითოეულ ადამიანს, მათ შორის დამნაშავესაც კი, არსებობს მეორე მნიშვნელოვანი სიკეთე, რასაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი ჰქვია. თუ ეს ადამიანი საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს თუ სხვა ადამიანებს, სამართალდამცავმა ამ შემთხვევაში სწორად იმოქმედა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ სხვა ადამიანების გადარჩენა მომხდარიყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. უწყების ცნობით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება