ადვოკატი ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობას და ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარებას ითხოვს

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობას, პოლიციელების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე დაწყებული გამოძიებისთვის კვალიფიკაციის შეცვლასა და ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარებას ითხოვს.

როგორც რატიანის უფლებების დამცველმა, ანა ნასრაშვილმა განაცხადა, რატიანმა დაკითხვისას გამოძიებას მიუთითა, რომ შეუძლია გარკვეული პირების ამოცნობა. გარდა ამისა, ადვოკატი ვიდეოჩანაწერების დროულ დაარქივებასა და ამოღებაზეც საუბრობს.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაცვის მხარე პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს. "ჩვენ მივმართავთ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ამ სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება წვდომა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელსაც გამოძიება მოიპოვებს და საქმეში ჩადებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაციის საკითხი. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა, ის გარემოებები, რომლებზეც ზვიად რატიანი მიუთითებს, არის არასათანადო მოპყრობა და სწორედ ამ მუხლით უნდა წარიმართოს შემდგომში გამოძიება. ასევე, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების დროულად დაარქივება და ამოღება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბატონი ზვიადი საუბრობს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე ლოკაციაზე. დაკითხვისას მივუთითეთ რამდენიმე პილიციის თანამშრომლის გარეგნული აღწერილობა და ზვიად რატიანს შეუძლია ამ პირების ამოცნობა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა დაინიშნოს ეს საგამოძიებო მოქმედება", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ადვოკატის თქმით, რომელიც ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტია, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. "პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის დროს, ყოველთვის იკვეთება ხოლმე დაუსჯელობის პრობლემა. სწორედ ამიტომ დიდი ხანი ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ერთგვარად იქნებოდა გარანტი იმის, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონოდა ამგვარი გამოძიების მიმართ", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო