ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2018

ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები? * * *

ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა

"ცხინვალის მახლობლად, სოფელ არცევში მოკლეს "კრიმინალური ავტორიტეტი" და ქართველთმოძულე მარეკ დუდაევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანის დახოცვის, გატაცების, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის გამო საქართველოში 23-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს და ცხინვალის რეჟიმს გადასცეს. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დუდაევის მკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია, მას თანასოფლელმა, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა ესროლა "მაკაროვის" პისტოლეტიდან და, დიდი ალბათობით, მკვლელმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარა თავი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ქართველთმოძულე სეპარატისტთა საველე მეთაური, რომელიც ქართულ სოფლებს ატერორებდა / "კრიმინალური ავტორიტეტი" მარეკ დუდაევი ცხინვალში მოკლეს.

"მარეკ დუდაევი 16 იანვარს ღამით მოკლული იპოვეს სოფელ არცევში, სოფლის კლუბის ყოფილ შენობაში, სადაც ის ცხოვრობდა და ფერმა ჰქონდა. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათგან ორი - თავში. ოსურმა ე.წ. მილიციამ ეჭვმიტანილის ძებნა გამოაცხადა. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა. ოსური მედია წერს, რომ ამ მკვლელობამ ოკუპირებულ ცხინვალში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგანაც დუდაევი "რესპუბლიკაში" კარგად იყო ცნობილი. 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული სპეცსამსახურები მასზე ნადირობდნენ და როდესაც ის 2004 წელს დააკავეს, ცხინვალში "გმირადაც" კი იყო მიჩნეული ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქართველების დახოცვის გამო. საქართველოში კი წარმოშობით ჩეჩენ მარეკ (ნოდარ) დუდაევის სახელს ძალიან ბევრი მძიმე და სასტიკი დანაშაული უკავშირდება. ის თბილისში "ქართველთმოძულედ", განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ და "კრიმინალურ ავტორიტეტად" იყო მიჩნეული. ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის თქმით, თუკი დადასტურდება, რომ დამნაშავე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა თავშეფარებული, ის ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ერგნეთის შეხვედრებზე და მოითხოვს ექსტრადიციას", - აღნიშნავს გამოცემა.

"დუდაევის ყოფილი ცოლი, მარფა ვაზაგოვა ამბობს, რომ მარეკ დუდაევსა და მკვლელს ადრე კონფლიქტი ქონდათ, თუმცა ვაზაგოვას კონფლიქტის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ცნობისათვის, მარეკ დუდაევი ქართველმა სპეცრაზმელებმა 2004 წლის 16 მარტს სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დუდაევს 7 ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამი ადამიანის დახოცვის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებების გამო. ბრალდებებს შორის იყო 1997 წლის თებერვალში, განსაკუთრებული სისასტიკით ბესიკ თენაძის განზრახ მკვლელობა, რომელიც მან აღიარა. გარდა ამისა, დუდაევს ასევე ბრალდებოდა კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა; განზრახ მკვლელობის მცდელობა; სხეულის განზრახ დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა, ძარცვა; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება; პოლიციაზე ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა. გამოძიების ცნობით, დანაშაულთა კრებული დუდაევმა 1995-2002 წლებში ჩაიდინა. ქართულ-ოსური კონფლიქტის გარიჟრაჟზე, 14 წლის მარეკ დუდაევს ჯერ მოუკლეს მამა, შემდეგ თვალწინ გაუუპატიურეს და, დედამისი კი აწამეს. დუდაევმა შურისძიების მიზნით, მხოლოდ ბესიკ თენაძის მკვლელობა აღიარა, დანარჩენ ბრალდებებს კი "ქართული მხარის ფალსიფიკაცია" უწოდა", - განაგრძობს გამოცემა.

"დუდაევმა ქართულ ციხეში 9 წელი დაჰყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის ივნისში დუდაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას ამნისტიის მუხლი შეეხო, რის შემდეგაც 4-წლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა. დუდაევი დე ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს. მისი გათავისუფლება მაშინ საზოგადოების ნაწილმა გაუმართლებლად მიიჩნია. 2004 წლიდან მოყოლებული, სეპარატისტული ცხინვალი მუდმივად ითხოვდა მარეკ დუდაევის გადაცემას ან ქართველ პატიმრებში გაცვლას, თუმცა საქართველოს წინა ხელისუფლება არც ერთ მოთხოვნას არ დათანხმდა. მარეკ დუდაევის გათავისუფლებას ეთნიკური ქართველების გატაცებით ცდილობდა თავისი ძმა, ცხინვალში ასევე ცნობილი ავტორიტეტი ერიკ დუდაევი. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, ერიკ დუდაევი "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა და ასევე "კრიმინალური ავტორიტეტი" იყო. ის და მისი ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის გატაცებაში, რომ შემდეგ გატაცებული ქართველები ძმის გაცვლისთვის გამოეყენებინა. ერიკ დუდაევი 2 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა", - დასძენს გამოცემა.

"მარეკ დუდაევმა ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუნების შემდეგაც განაგრძო კრიმინალური საქმიანობა. ის ადგილობრივ ფერმერებს არეკეტებდა. 2016 წელს ის დააკავეს კიდეც გამოძალვის ბრალდებით. საუბარი იყო იმაზე, რომ დუდაევს კონფლიქტი ახალგორის მკვიდრ ტარიელ ბაშარულთან მოუვიდა გავლენის სფეროების გადანაწილების გამო. დუდაევი ჯერ ცხინვალის ბაზარში ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე აზერბაიჯანელებს ახდევინებდა ხარკს, შემდეგ კი წილში ჩაჯდომა ახალგორში მოვაჭრე ქართველებსაც დაუპირა, რომლებსაც ტარიელ ბაშარული "მფარველობდა". ვისაც მცირე ბიზნესი ჰქონდა, მასზე ე.წ. ხარკის დაკისრება და წილში ჩაჯდომა დაიწყო. 2016 წელს მას კონფლიქტი მოუვიდა ტარიელ ბაშარულთან. ბაშარული ახალგორის მკვიდრია, რომელსაც გავლენიანი მფარველები ჰყავს ცხინვალელ სეპარატისტებში, ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ქართულ მხარესთანაც, ის დიდწილად აკონტროლებს იმ პროდუქციას, რაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამაჩაბლოში და დუდაევს მასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ის ცოტა ხნით ცხინვალში დაკავებულიც იყო", - ამბობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე. მისი თქმით, ახლა როგორც ირკვევა, მარეკ დუდაევი თანასოფლელმა მოკლა იმიტომ, რომ ის არა მარტო ეთნიკურ ქართველებს არეკეტებდა, არამედ ოსებშიც სჩადიოდა დანაშაულს", - წერს სტატიის ავტორი.

აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო

"საქართველოს მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისებისთვის მუშაობს. "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს უკვე მთლიანად მიაქვთ და ზამთრის დასაწყისშივე არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის ნახევარს ძვირი იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ამ მხრივ ენერგოსისტემაში უმძიმესი ვითარებაა. ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 227 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო აფხაზეთმა ამ პერიოდში მიიღო 241 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ყველანაირ ზომა-წონას ბევრად აღემატება. ოკუპირებულმა რეგიონმა დამატებითი ელექტროენერგია "ვარდნილჰესისგან" (დეკემბრის გამომუშავება - 26 მლნ კვტ/სთ) წაიღო. იმის გამო, რომ "ენგურჰესის" დენის გამოყენების საშუალება არ გვაქვს, იზრდება ძვირი ელექტროენერგიის წილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აფხაზეთს "ენგურჰესის" დენი დეკემბერშივე აღარ ეყო / საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი იზრდება, სეპარატისტების ხარბი მადის მოთოკვა კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

"რეზონანსის" ინფორმაციით, ადგილობრივი თბოსადგურების მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დეკემბერში 393 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო იმპორტის მუცულობამ - 134 მლნ კვტ/სთ, რაც საერთო გამომუშავების 50%-ია. გამოდის, რომ აფხაზეთს მიაქვს იაფი დენის ლამის მთელი მარაგი უფასოდ და ჩვენ მოვიხმართ ძვირ ელექტროენერგიას, რომლის წილიც მომდევნო პერიოდის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. აშკარაა, რომ სახელმწიფომ აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს. რა ზომებს მიიღებს ქვეყანა, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც ყოველთვის, უწყების წარმომადგენლები კომენტარს თავს არიდებენ და მედია მათთვის იგნორირებულია. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მთავრობას გაცნობიერებული აქვს პრობლემის სიმწვავე და ეძებს გამოსავალს. ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, თუმცა სეპარატისტულ რეჟიმს ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს, შესაბამისად, იგი ახლო მომავალში არ დაიწყება", - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი. "ენგურჰესის" სადისპეტჩერო სადგური განლაგებულია საბერიოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენ მასზე წვდომა არ გვაქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით. ზამთარში "ენგურჰესი", ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს, ეს არის რეალობა. აქამდე ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებდა ენერგეტიკის სამინისტრო, ახლა ეს ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში გადავა. ალბათ, დეპარტამენტის ფუნქციით აღიჭურვება, მაგრამ გააკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე კახა კალაძე ემსახურებოდა. ამ შემთხვევაში, ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში მინისტრი თუ არა, მოადგილე გაუწევს კურატორობას", - განაგრძობს გამოცემა.

"დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული, ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. მალე "ენგურჰესი" დიდი ხნით დაიკეტება და აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთს მოუწევს", - აცხადებს არველაძე. ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკავად. მკვლევარ გიორგი მუხიგულაშვილის თქმით, საქართველოსა და აფხაზეთის მხარეებმა უნდა დაიწყონ მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ასე იზრდება მოხმარება სეპარატისტულ რეგიონში, ხოლო შემდეგ დაიწყოს მოსახლეობის გამრიცხველიანება და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება. "ჩვენთან გარკვეული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მეტია საჭირო. აფხაზეთის ე.წ. მთავრობაც თუ დაიწყებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვაზე მუშაობას, კარგი იქნება", - ამბობს მუხიგულაშვილი. ამდენად, სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს და ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადაიდგას. ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ სწორი მმართველობის პირობებში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება", - წერს სტატიის ავტორი.

"მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ", - აცხადებს ფირცხელანი. აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. "ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს საქართველოს მთავრობა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენგან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაზე ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ. გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა ეს მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. მიდგომა საქართველოს მთავრობის მხრიდან აშკარად შესაცვლელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.

ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?

"15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავეს "პატრონი" ჰყავს. გუშინ კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დააკმაყოფილა და ქვლივიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეგავლენას საზოგადოებაში არსებული განწყობები?

"რთული სათქმელია, იდეალურ შემთხვევაში სასამართლო გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი სასამართლო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მომღერალი ირმა სოხაძე.

"თუ ქვეყანაში ისეთი რამ ხდება, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, შესაძლოა, მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტმა იმოქმედოს, თუმცა, უფრო მეტად, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინტერესთა მხარეები ახდენენ გავლენას, ისინი, ვინც ამ საქმეში ჩართული არიან", - მიიჩნევს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ სასამართლოს მიმართ ნდობა შეირყა. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და ამიტომ გასაკვირი აღარ არის, მასზე საზოგადოების გარკვეული გავლენა მატულობდეს", - ამბობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

"დღეს სასამართლო გაცილებით სამართლიანია, ვიდრე მანამდე იყო. ამაზე, ცხადია, ადამიანების განწყობამ იმოქმედა", - დასძენს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი