დიმიტრი ქუმსიშვილი - გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ მომხდარმა ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია ”ბიურო ვერიტასის” პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ მყოფი ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

”დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა გადაეცემა შსს-ს, რომელიც აგრძელებს ოფიციალურ მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს შესაბამის პასუხისმგებლობების საკითხს.

”ოპერატორი, რომელიც იქ იყო, ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. ასევე, ორმა ადამიანმა მომმართა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ესენი არიან მთის კურორტების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასევე, გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებენ პასუხისმგებლობას. ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე. მათ მომმართეს, რომ შეჩერებოდათ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მათ სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა