კუს ტბის წილების იძულებით წართმევის საქმეზე ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის და დაკითხეს

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანისთვის კუს ტბის წილების იძულებით წართმევის საქმეზე, რომელზეც ბრალი გია უდესიანს და სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულების ყოფილ უფროსს ალექსანდრე მუხაძეს აქვთ წაყენებული, ბიზნესმენის და მაია ხარძიანი დაიკითხა. ხარძიანმა 2011 წელს ბესიკ ხარძიანის დაკავებასა და წილების გადაფორმებაში უდესიანის მონაწილეობაზე ისაუბრა.

მაია ხარძიანის თქმით, თავდაპირველად კუს ტბის წილების მფლობელი მხოლოდ მისი ძმა იყო, თუმცა მოგვიანებით მან ბიზნესპარტნიორები გაიჩინა, რომელთაგან ყველაზე მსხვილი გია უდესიანი იყო.

"იმ დღეს, როდესაც ბესო დააკავეს, ჩემთან იყო სამსახურში და ჩემგან წასვლის შემდეგ მოხდა ყველაფერი. ბესოს წასვლის შემდეგ დაახლოებით ნახევარ საათში დედაჩემმა დამირეკა და სახლში დამიბარა სასწრაფოდ. მაშინ შევიტყვე, რომ ბესო დააკავეს ნარკოტიკების გამო, რაც სასაცილო იყო, რადგან ბესოს ნარკოტიკთან არავითარი შეხება არ ჰქონია. იმ დროს ვინმეზე არ გვქონია ეჭვი, რომ ეს იყო მისი დაგეგმილი. ამ ადამიანმა საკუთარი ქმედებით თავად გამოაჩინა საკუთარი ინტერესები. ეს ადამიანი არის გია უდესიანი. ბესო ციხეში იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამოგვიტანეს ციხიდან ამბავი, რომ მან 800 ათასი დოლარი წააგო, ე.წ. „სვაბოდაზე“ რესტორანი, რაც როგორც აღმოჩნდა იყო შენობა და არა რესტორნის კისრება. ეს თანხა უნდა გადახდილიყო 3 დღეში", - განაცხადა მაია ხარძიანმა.

მისივე ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის დაკავების შემდეგ, მისი მეორე ძმა გიორგი ხარძიანი წავიდა გია უდესიანთან, რათა წილების შემდგომ მართვაზე და სხვა საკითხებზე ელაპარაკა, თუმცა როგორც მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, გიორგი ხარძიანი შეხვედრიდან ნაცემი დაბრუნდა.

"გიორგი ხარძიანი, ჩემი მეორე ძმა მოვიდა ნაცემი ერთ დღეს და თქვა, ალბათ კუს ტბა მთლიანად უნდა დავთმოთ, თუ გვინდა ბესოს შენარჩუნებაო. უდესიანთან იყო ოფისში სალაპარაკოდ. როგორც ვიცი, უდესიანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა მის ცემაში, მათ შორის უდესიანის სიძეც. ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახში თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მე შევხვედროდი გია უდესიანს. შევხვდი მას მეორე დღესვე და უდესიანმა კატეგორიულად უარყო რამე მონაწილეობა ბესოს დაკავებაში. სამი დღე მთხოვა ვითარებაში გასარკვევად. თუმცა ორი დღის შემდეგ დამიბარა შეხვედრაზე და ფურცელზე დაწერილი გადმომცა, რომელზეც ეწერა ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩარიცხულიყო 800 ათასი დოლარი, ბესოს „თავანი“, 100 ათასი დოლარი ხელზე უნდა მისცემოდა ოჯახს და 500 კვ.მ. - ბინა. ჯამში მილიონ 250 ათასი უნდა დამჯდარიყო კუს ტბის წილების 43%", - განაცხადა მაია ხარძიანმა.

მისივე თქმით, წილების გადაფორმება ბესიკ ხარძიანის მიერ ოჯახისთვის ციხიდან წერილის გამოგზავნის შემდეგ მოხდა. მაია ხარძიანის თქმით, წილები ერთ დღეში გადაფორმდა და ეს ყველაფერი ხარძიანების სახლში მოხდა. მოწმის ჩვენებით, მათთან სახლში უდესიანის წარმომადგენლები მივიდნენ ნოტარიუსთან ერთად და წილები გადააფორმეს.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ვიდომასალას, რომელიც მაია ხარძიანისა და გია უდესიანის შეხვედრას ასახავს, როგორც მოწმემ აღნიშნა, მათი შეხვედრები 4-5 საათს გრძელდებოდა და დაახლოებით 15 წუთიანი ჩანაწერი მხოლოდ იმ ფრაგმენტებითაა დამონტაჟებული, სადაც სრული ვითარება არ არის აღბეჭდილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო