ბიძინა ივანიშვილი - დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება, სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მე-5 ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, „ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია“.

„მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად. დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს“.

„და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი. დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება, სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში. სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი - ჩვენი საწყისი უპირატესობა სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს