არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიების სერიოზულ ხარვეზად აფასებს იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა საქმე წამების მუხლით

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი გამოძიების სერიოზულ ხარვეზად აფასებს იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა საქმე წამების მუხლით.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადების მიუხედავად, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიება წამების მუხლით გადაკვალიფიცირდა, ადვოკატი ამბობს, რომ მას საქმის ზედამხედველი პროკურორისგან არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია კვალიფიკაციის შეცვლაზე და შესაბამისად, ამ დრომდე გამოძიება წამების მუხლით არ მიმდინარეობს. ავალიანის თქმით, არსებობს სრული საფუძველი რათა გამოძიებას წამების კვალიფიკაცია მიეცეს რამაც სიცოცხლოს მოსპობა გამოიწვია.

"მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიღებული გვაქვს და იქ ასობით დაზიანებაზეა საუბარი, რაც მიანიშნებს უდაოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის კვალზე, ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიება ჩვენს მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და არ აკვალიფიცირებს საქმეს წამების მუხლით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მე არ ვიცი რა სტრატეგია აქვს გამოძიებას, არადა სახელმწიფოს სტრატეგია, განსაკუთრებით ამ დასკვნის შემდეგ უნდა იყოს ის, რომ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი იყო წამება. ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებას ამ საქმეს მეტი გულისყურით მოეკიდოს და გადააკვალიფიციროს მუხლი. ასეთი ტიპის არასენსიტიური მიდგომა ამ საკითხის მიმართ მხოლოდ გაართულებს საქმეზე შედეგის მიღწევას. დღეს უკვე არსებობს ყველა საფუძველი წამების მუხლით გადაკვალიფიცირებისთვის. როდესაც სამედიცინო ექსპერტიზა გიწერს, რომ დაზიანებები არის სიცოცხლისდროინდელი, ისინი მიყენებულია მრავალგზის და თითოეულ ადგილზე ზოგჯერ 38-40 დაზიანებაა დაფიქსირებული, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით, რასაკვირველია, გამოძიება უნდა დაიწყოს წამების მუხლითაც. თუ რამე გამოჩნდა ახალი კომისიურ ექსპერტიზაზე, შეიძლება მერე კვალიფიკაციის შეცვლა", - განაცხადა თამარ ავალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს