პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქმეზე გამოძიება რომელსაც აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი, არჩილ ტატუნაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. გამოძიების ფარგლებში 2018 წლის 31 მაისს მიღებული იქნა არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულნი არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით.

შესაბამისად, საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს და გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა - ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება - ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს