როგორ ავირიდოთ თავიდან ვადაგადაცილებული სესხების დროს ქონების დაკარგვა - იურისტის რჩევები

„ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში აღსრულების პროცესის დაწყება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველანაირი გზა ამოწურულია. ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის ისევ გამსესხებელ კომპანიასთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება და აღსრულების პროცესის შეჩერებაც“, - აცხადებს იურიდიული კომპანია CC Legal & advisory-ის პარტნიორ-დირექტორი, იურისტი უჩა ძიმისტარიშვილი.

ბოლო წლების პრაქტიკა როგორც გვიჩვენებს, გაცილებით ადვილია კრედიტის აღება, ვიდრე მერე მისი დაბრუნება. იურიდიული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვადაგადაცილების 2 გავრცელებული მიზეზი არსებობს - საპატიო და უბრალო გულმავიწყობა, როდესაც თანხის დიდ მოცულობასთან არ გვაქვს საქმე.

საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სამსახურიდან დათხოვნა, ხანგრძლივი მივლინება, ავადმყოფობა და სხვა ოჯახური გარემოებები. საპატიო მიზეზების დადასტურებისას, როგორც წესი, სესხის გამცემი კომპანია მზადა არის მოლაპარაკებაზე წავიდეს მსესხებელთან, შეადგინოს ინდივიდუალური გრაფიკი და გაითვალისწინოს მსესხებლის სახეცვლილი გარემოება. თუმცა, გავრცელებულია ისეთი არასაპატიო მიზეზებიც, როგორიცაა გულმავიწყობა და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთი გარემოებები შემდგომში ზრდის დავალიანების მქონე მომხმარებლების სტატისტიკურ მონაცემებსაც.

რა უფლებები გააჩნიათ ამ დროს ერთის მხრივ, მსესხებელს და მეორეს მხრივ, გამსესხებელს? რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მსესხებელს, თუ ის კრედიტს დროულად არ დაფარავს? ამასთან დაკავშირებით კითხვებს უჩა ძიმისტარიშვილი პასუხობს.

იურისტის თქმით, როდესაც მსესხებელი არ ასრულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, შესაძლებელია მის მიმართ დაიწყოს თანხის იძულებითი აღსრულების პროცესი. სხვადასხვა სახის სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ პროცედურებს.

„თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ სესხის აღების წინ, მომხმარებელმა უნდა გააცნობიეროს ის რისკები, რაც ახლავს სესხის არდაბრუნებას. ასეთ შემთხვევაში, ნაკლები იქნება თანხის ვადაგადაცილებით დაბრუნების შემთხვევები. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ მოხერხდა თანხის დაბრუნება დროულად, უმჯობესია სამართლებრივი პროცედურების დაწყებამდე, თავად სესხის გამცემ კომპანიასთან ეცადოს მომხმარებელი მოლაპარაკებას.

რაც შეეხება სესხის გამცემი კომპანიების იურიდიულ უფლებებს, ის კანონით და ხელშეკრულებით რეგულირდება. კანონი აღსრულების რამდენიმე შესაძლებლობას იძლევა. ეს შეიძლება იყოს, ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით, ქონების გამსესხებლის საკუთრებაში გადასვლა, ნოტარიუსისგან სააღსრულებლო ფურცლის მიღება და აღსრულების დაწყება, სასამართლოსათვის თუ არბიტრაჟისათვის მიმართვა. ყველა ეს პროცედურა მიზნად ისახავს სესხის გამცემი კომპანიის მიერ თანხის ამოღებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმებით. ამავდროულად, ხელშეკრულება შესაძლებელია ითვალისწინებდეს უფრო დეტალურ მოწესრიგებას“, - განაცხადა იურისტმა.

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი სესხს არ იხდის, მის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა „კრედიტ ინფო საქართველოს“ და ურჩი გადამხდელი ხვდება „შავ სიაში“. უჩა ძიმისტარიშვილის თქმით, დაგეგმილი რეგულაციებით, ასეთი ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა, სავალდებულოც გახდეს. ეს გულისხმობს, რომ სესხის ვადაგადაცილებისას აისახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში და სხვა გამსესხებლები ასევე ნახავენ აღნიშნულ ინფორმაციას. შესაბამისად, ბაზაში მოხვედრილ ადამიანს სესხის აღება გაურთულდება.

„თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა დააგვიანა 30 დღეზე მეტით, მაშინ მას ენიჭება ნეგატიური სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ პირი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით, რომელიც მიუთითებს, რომ კლიენტს ამჟამად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება არ აქვს, თუმცა წარსულში ის ნეგატიური სტატუსის მატარებელი იყო. სტატუსი „იყო ნეგატიური“ მუდმივად რჩება სესხზე, სანამ აღნიშნული სესხი ბაზაში იარსებებს. სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, „იყო ნეგატიური“ სტატუსის მატარებელი სესხი ფიზიკურად იშლება „კრედიტინფო საქართველოს ბაზიდან“, - განაცხადა იურისტმა.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავი ქონების დაკარგვას სესხის გამო, ძიმისტარიშვილი პასუხობს: „აღსრულების პროცესის დაწყება, როგორც წესი, გულისხმობს, რომ პირველ რიგში, მსესხებლის ქონებას დაედება ყადაღა. აღნიშნულის შედეგი კი საბოლოოდ არის, რომ თანხის ამოღება მოხდება დაყადაღებული ქონების რეალიზაციის გზით. თუმცა, აღსრულების პროცესის დაწყება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ყველანაირი გზა ამოწურულია. ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის ისევ გამსესხებელ კომპანიასთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება და აღსრულების პროცესის შეჩერებაც“, - დასძინა იურისტმა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა