მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ანგარიში მომზადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მომზადდა ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.

„ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდინარე ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - მდინარე ოკრილას ხეობაში.

მდინარე ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდინარე ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდინარე ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

მდინარე ნენსკრას აუზში ანალოგიური სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, გაიცა შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას წარუდგენს სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველ ანიმაციას და შესაბამის ანგარიშს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო