როდესაც კვლევაში არის ამდენი უარი პასუხზე ან არის ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, კვლევა საზოგადოების რეალურ განწყობებს ვერანაირად ვერ ასახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა NDI-ის კვლევის კომენტირებისას განუცხადა.
“ამას 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები ამტკიცებს, როდესაც NDI-ის კვლევის შედეგები და საარჩევნო შედეგები მნიშვნელოვნად ცდება ერთმანეთს. ეს პირველად არ ხდება. მაქვს მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალურად განსხვავებულ ციფრებს მივიღებთ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ეს რაოდენობა ალბათ იმითაც აიხსნება, რომ “ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი დასახელებული არ ჰყავს. კანდიდატის დასახელება ამ მონაცემებს თვისობრივად შეცვლის. რაც შეეხება პასუხებზე უარს, ეს ალბათ გამოწვეულია კვლევის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობით, რომელიც ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით რაღაც დოზით არსებობს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% - ”ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10% - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% - შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.