პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ერთ-ერთი საკონკურსო პირობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ლოგო არ უნდა შეიცავდეს პარლამენტის არც ერთი შენობის კონტურებს.

უკვე შექმნილია საკონკურსო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კომისიაში წარმოდგენილი არიან პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს აპარატისა და ჰერალდიკის საბჭოს წარმომადგენლები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

„დღეს უკვე გამოცხადდა კონკურსი, რაც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთა. დღის განმავლობაში კონკურსის ყველა დეტალი პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აიტვირთება. არანაირი არსებითი შეზღუდვა კონკურსს არ აქვს. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოცხადებულ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გვაქვს რამდენიმე არსებითი საკითხი, რაც ამ კონკურსთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თითოეულ კონკურსანტს აქვს შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს. საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში უნდა იყოს 100 %-იანი ორიგინალი და არ უნდა იყოს პლაგიატის შემცველი. აგრეთვე ლოგო, რომელიც საკონკურსო წესით იქნება წარმოდგენილი, არ უნდა შეიცავდეს პარლამენტის არც ერთი შენობის კონტურებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან 19 აგვისტომდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ოფიციალურ ინფორმაციას, რაც კონკურსთან არის დაკავშირებული, ხოლო 19 აგვისტოდან 24 აგვისტომდე შესაძლებელი იქნება, რომ თითოეულმა კონკურსანტმა საკუთარი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს.

გამარჯვებულისთვის დაწესებულია ანაზღაურება 2 500 ლარის ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა