საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყებაში ინვენტარიზაციის ჩატარების საკითხი პირველად 2015 წელს დასვა და მინისტრის ბრძანებით საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის (ყოფილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხება.
„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №605 ბრძანების თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში სავალდებულო ინვენტარიზაცია უნდა ტარდებოდეს ყოველწლიურად.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ინვენტარიზაციის ჩატარების საკითხი პირველად 2015 წელს დაისვა. მინისტრის 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის N6451 ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია და სამუშაო ჯგუფები, რომელთაც დაევალათ მთელი სისტემის მასშტაბით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პროცედურების წარმოება.
ვინაიდან ეს გახლდათ უზარმაზარი სისტემის მასშტაბით ინვენტარიზაციის ჩატარების პირველი მცდელობა, კომისია გადააწყდა უამრავ სირთულეს, რამაც პროცესი გააჭიანურა და შეუძლებელი გახადა შედეგების ფინანსთა მინისტრის №605 ბრძანების შესაბამისად გამოყვანა და ასახვა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა პროცესმა გამოიღო მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი, ვინაიდან ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე პერიოდში ინვენტარიზაციის პროცესის სრულფასოვნად წარმართვას და გაამარტივებს სამუშაო პროცედურების წარმოებას.
სწორედ ზემოხსენებული N6451 ბრძანების შესრულების პროცესში გამოვლინდა ცენტრალურ საწყობში არსებული ხარვეზები, რის გამოც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2016 წლის 3 ივნისს გამოიცა N3000 ბრძანება სამინისტროს სასაწყობო სამმართველოს სამარაგო საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით. ზემოაღნიშნული ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ გამოვლინდა საწყობში არსებული დანაკლისის მოცულობა და მოხდა აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.
ასევე მნიშნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 2017 წლის 24 თებერვლის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასაწყობო მეურნეობის მატერიალურ ფასეულობათა აღწერისა და მათი მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაბარების შესახებ“ N662 ბრძანების თანახმად შექმნილი კომისიის მიერ ჩატარებული სამინისტროს სასაწყობო მეურნეობის მატერიალურ ფასეულობათა აღწერისა და მათი მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადაბარების სამუშაოები.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ დაგეგმილია შემდგომი პროცედურები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში საბოლოოდ მოაწესრიგებს ინვენტარიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"