საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება. ამასთან განცხადების მიხედვით, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სპეციფიკური ორგანიზაცია, სადაც ირიცხება როგორც არანორმირებული, ასევე ნორმირებული, საათობრივ და განსხვავებულ რეჟიმზე/ცვლებში მუშაობის დატვირთვაზე მყოფი პოზიციები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, რაც აისახა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იყო თანამშრომელთა დასწრება – აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის დანერგვის აუცილებლობა.

2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული.

გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს.

მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად – ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი. შესაბამისად, განისაზღვრა ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ გადაცემების შესაქმნელად. განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები, “-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომელიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია თანამშრომლთა იმ რაოდენობის შესახებ, რომლებსაც თითქოს შეუცვალეს ხელშეკრულების პირობები, რეალურად, ეს რიცხვი გაჟღერებული რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენს. საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, რომელთა გაფრთხილებაც კანონის შესაბამისად, დროულად განხორციელდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

თანამშრომლებისთვის მომზადდა შეთავაზება, რომელიც გულისხმობს:

– შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

– ანაზღაურება განხორციელდება გადასაღები დღეების (არა საათის) გაანგარიშებით;

– სამუშაოს შესრულება განხორციელდება დავალების შესაბამისად, ხოლო დავალება ფორმირდება საწარმოო პროცესებზე, გადაცემების მოცულობაზე და სირთულეზე, ასევე მიმდინარე პროექტებსა და დატვირთვის მოცულობაზე;

– სამუშაო რეჟიმის და შესაბამისი ანაზღაურების სისტემის გარდა, შრომითი ხელშეკრულებების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაერკვეს პროცესებში, არ შეუწყოს ხელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო ორგანიზაციას, მასში მიმდინარე პროცესები არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, პროცესებში ჩართულია სამეურვეო საბჭო და მაუწყებლის მენეჯმენტი მზად არის ნებისმიერი განმარტებისთვის“, -ნათქვამია განცხადებაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს