„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზმაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ივანიშვილის ტელევიზიების ათობით ყოფილი თანამშრომელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილისთვის შეთავაზებული სამუშაო გრაფიკის ცვლილება ბუნდოვანია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არის შექმნილი თანამშრომლების შეფასების გამჭვირვალე სისტემა; არ არის დათვლილი რა რაოდენობის თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს და არ არსებობს საშტატო განრიგი. მათივე ინფორმაციით, ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკურსოდ დასაქმდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ათობით ყოფილი თანამშრომელი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაბამის იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილება სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და კითხვებს ბადებს პროცესის გაუმჭვირვალობისა და ცალკეული თანამშრომლების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.

ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლების ნაწილს სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთავაზება წარუდგინა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე, მაუწყებლის კონკრეტული თანამშრომლები საათობრივი ანაზღაურების სისტემაზე გადავლენ. მენეჯმენტის განცხადებით, თუკი თანამშრომლები ამ შეთავაზებას 4 სექტემბრამდე არ დათანხმდებიან, მათ ორთვიანი ანაზღაურების კომპენსაციის მიღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინამდებარე ცვლილებების შესახებ საჯარო განცხადება მოგვიანებით, მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა მენეჯმენტის სადავო ინიციატივის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მაუწყებელში დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს, ამ ადამიანებს კი სამსახურში “უაღრესად დაბალი” გამოცხადება აქვთ, ხოლო ნაწილი ფაქტობრივად არ დადიოდა სამსახურში. თუმცა, მენეჯმენტი თანამშრომლებისათვის გაკეთებულ შეთავაზებებში ზემოთ აღნიშნულ საფუძვლებზე საერთოდ არ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წლებია უშედეგოდ აანონსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ატესტაციის თუ შეფასების პროცესს. დღემდე არ არის შექმნილი თანამშრომლების შეფასების გამჭვირვალე სისტემა; არ არის დათვლილი რა რაოდენობის თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს; და არ არსებობს საშტატო განრიგი. ამის პარალელურად კი, ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ათობით ყოფილი თანამშრომელი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მხარს უჭერს რეფორმების აუცილებლობას საზოგადოებრივ მაუწყებელში, თუმცა პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ყველა დასაქმებულის კვალიფიკაცია შეფასდეს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე და გამოირიცხოს სუბიექტური მოსაზრებებით ცალკეული ადამიანების გამოყოფა და მათი დისკრიმინაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა ლეგიტიმურ კითხვას, რათა არ დარჩეს ეჭვები მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლთა ნაწილის მიმართ უსამართლო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს და საქართველოს პარლამენტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასწრაფოდ დაინტერესდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება,” - ნათქვამია განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს