“ნაციონალური მოძრაობა“ მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ სახელით “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, ასევე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებაა, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დარეგულირდება უცხოელებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების, პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას პარლამენტი დაამტკიცებს. შრომითი ნებართვა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მისაღებად, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე დამქირავებელმა ვერ მოიძია.

პროექტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესის გამკაცრებას. კერძოდ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივით თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

კანონპროექტი ასევე ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ეკვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე საქართველოს არანაკლებ რვა მოქალაქეს დაასაქმებს.

კანონპროექტით უქმდება მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი. “ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკის შენარჩუნება უახლოეს მომავალში საფრთხეს შეუქმნის სოციალურ სტაბილურობას და საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას გამოიწვევს. დღეს არსებული პოლიტიკის შედეგად ძირითადად ხდება უცხო ქვეყნის სიდუხჭირეში მყოფი მოქალაქეების მიგრირება და იგი ნაკლებად ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას. საქართველოში იმიგრაციის ტემპები საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2012 წელს 5 020 შრომითი ნებართვა გაიცა, 2016 წელს ეს ციფრი უკვე 9 664-ია. 2012 წელს მუდმივი ცხოვრების 4 ნებართვა იყო გაცემული, 2016 წელს - 1640. 2012 წელს არც ერთი მოკლევადიანი და საინვესტიციო ვიზა არ გაცემულა, მაშინ, როდესაც 2017 წელს 1174 მოკლევადიანი და 437 საინვესტიციო ვიზა გაიცა. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ბინადრობის ნებართვის მისაღებად შემოსული 9 545 განცხადებიდან 1774 არ დაკმაყოფილდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს 18 883 განცხადებიდან არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 1664. აღნიშნული იმიგრაციის ტემპები თავის მხრივ ცხადყოფს, რომ არსებული კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ მოთხოვნებს უწესებს ბინადრობის მოწმობის მიმღებ უცხო ქვენის მოქალაქეებს, რაც ვერ ჰპოვებს დადებით ასახვას საქართველოს ეკონომიკაზე“, - განმარტავს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა