რამაზ საყვარელიძე - “კორუფცია სარეველაა და სახელმწიფო კორუფციისგან მუდმივად უნდა იმარგლებოდეს“
მთავარი სამეულის დაპირისპირება - დებატები პარასკეობით პირველ არხზე იქნება
დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვა”
* * *
რამაზ საყვარელიძე - “კორუფცია სარეველაა და სახელმწიფო კორუფციისგან მუდმივად უნდა იმარგლებოდეს“
“მამუკა ბახტაძის გაეროში წარმოთქმული სიტყვის სტილი - ფორმითაც და შინაარსითაც, ვფიქრობ, კარგად იყო შერჩეული. ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერც კი ბედავდა საერთაშორისო ურთიერთობებისას ქართულად ლაპარაკს, მგონი, მას მერე, რაც ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში ქართულად წარმოთქვა ცნობილი ფრაზა - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი - ასეთი მაღალი ტრიბუნიდან აღარავის ულაპარაკია ქართულად. ბახტაძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ის ლაპარაკობდა ერთ-ერთი უძველესი ერის ენაზე... მან გაეროს მუშაობის კრიტიკული შეფასებაც გაბედა. ამ ორგანიზაციის კრიტიკა ახალი არ არის, მაგრამ თავს ამის უფლებას დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლები აძლევენ ხოლმე...” - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რა არის მაფია? - ბიზნესს ემატება კრიმინალი და პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე“ / „კორუფცია სარეველაა და როგორც ბაღი უნდა მარგლო მუდმივად, ისე სახელმწიფო უნდა იმარგლებოდეს კორუფციისგან“ / „მარიხუანას თემით ხელისუფლება იმდენად აშკარად ზარალდება, დაუჯერებელიც კია, რომ ამას საკუთარ თავს თვითონ უკეთებს... „ქართული ოცნება“ უამრავ შეცდომას უშვებს, რომელთა კომენტირებაც კი რთულია“.
“ქართველი საზოგადოების ნაწილი აქამდეც ითხოვდა და დღესაც ითხოვს, პრემიერი იყოს დამოუკიდებელი და მეტიც - დაუპირისპირდეს ბიძინა ივანიშვილს. ამ საზოგადოებრივი განწყობისთვის მხარის აბმა, ვფიქრობ, კვირიკაშვილმა სცადა - ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც გადადგომისას განაცხადა, გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდაო... ეს როგორც დასრულდა, ვნახეთ, თუმცა კვირიკაშვილის წასვლა არ იყო მხოლოდ ივანიშვილის სურვილით განპირობებული. ჩემი აზრით, მისი პრემიერობისას მნიშვნელოვანი შეცდომები იყო დაშვებული, თუნდაც პარტიის მართვაში, რასაც გარკვეული ჯგუფების ისეთი გაძლიერება მოჰყვა, პარტია ლამის დაშლის პირას მივიდა. ეს პროცესი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შეანელა, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა არ გამქრალა. იმედია, `ქართულ ოცნებაში" ხვდებიან, რაოდენ ცუდად შეიძლება დაამთავრონ, თუ გარკვეული ჯგუფები სხვებზე ანგარიშსწორებას მართლაც სახელისუფლებო სტრუქტურების გამოყენებით ცდილობენ. რაც შეეხება არაფორმალურ დაჯგუფებებს, ამგვარი კლანური ჯგუფები არსებობდა წინა ხელისუფლებების დროსაც, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის და მზად იყვნენ, ყველა ხელისუფლებასთან გამოეძებნათ საერთო ენა. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც წლებია, ვერა და ვერ გვარდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“არაერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლების გარეთ არსებობენ გავლენიანი არაფორმალური ჯგუფები თუ პირები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს “ალაგებენ” და ამით სარგებელსაც იღებენ. შესაბამისად, გაჩნდნენ ჩვენში ხელშეუხებელი ადამიანებიც - გავიხსენოთ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის დაპირისპირება - საქმე ჩაიფარცხა, არავინ დასჯილა... კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით... "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ერთ-ერთ ჩანაწერში ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი. ამას მტკიცებითი ფორმით იმიტომ ვამბობ, რომ ეს დაადასტურა ჩხარტიშვილმაც, რომლის ვერსიით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მას ხელისუფლებასთან საქმის გარკვევის მიზნით მიაკითხა. ისმის კითხვა: ვინ არის ჩხარტიშვილი? ფაქტია, ის არ წარმოადგენს ხელისუფლებას, მაშ, რა ლეგიტიმაციით უნდა "ალაგებდეს საქმეებს"?! - განაგრძობს რესპონდენტი.
“კორუფციის სრულად აღმოფხვრა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვერ ხერხდება, იმ ქვეყნებში კი, სადაც კანონის მოქმედება მყიფეა, საზოგადოებრივი კონტროლი კი - სუსტი, მუდმივად არსებობს საფრთხე, რომ მისმა მასშტაბმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწიოს, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. კორუფცია სარეველაა და როგორც ბაღი უნდა მარგლო მუდმივად, ისე სახელმწიფო უნდა იმარგლებოდეს კორუფციისგან. აუცილებელია მეტი საზოგადოებრივი აქტივობა; მეტად ინტელექტუალური და ნაკლებად ისტერიკული მიდგომებია საჭირო. სანამ “ქართული ოცნება” იფიქრებს, რომ უალტერნატივო ძალაა, დამერწმუნეთ, შეცდომასაც ბევრს დაუშვებს, სისულელესაც ბევრს ჩაიდენს და კორუფციის ჭაობშიც უფრო ჩაიძირება. ხელისუფლებებზე არ ჭრის საზოგადოების ტირილი - ცუდად ვართ და კარგად მოგვექეცითო... მათ უნდა იგრძნონ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხე... სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ისეთი გაკოტრებულია, "ქართული ოცნება" სრულიად უსაფრთხოდ გრძნობს თავს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ფარულ ჩანაწერში ხელისუფლების მონაწილეობა არ ჩანს, თუმცა თუ გამოჩნდება მომავალში, ძალიან გამიკვირდება-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ვფიქრობ, ბიზნესმენები ბიზნესის გაყოფის, გაერთიანების ან წილების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე მუდმივად ლაპარაკობენ, მაგრამ ამ საქმეში თუ ხელისუფლება შედის და იწყებს ბიზნესწილების გადალაგებას, პრობლემა მაშინ ჩნდება. ეს ჩანაწერები ნამდვილად არ აჩვენებს, რომ ქვეყანას არაფორმალური ხელისუფლება მართავს, თუმცა იძლევა იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ გარკვეულ არაფორმალურ ჯგუფებს სურთ, რაც შეიძლება დიდი გავლენა მოიპოვონ ხელისუფლებაზეც და ბიზნესზეც. მოახერხებენ ამას თუ არა, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რამდენად აღმოაჩნდება მას პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს არ დაუშვას! რა არის მაფია? - კონგლომერატი, როდესაც ბიზნესს ემატება კრიმინალი და პრეტენზიას აცხადებს ქვეყნის მართვაზე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამგვარი კლანური დაჯგუფებები მაფიას ემსგავსება, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნესავით ყველა სფეროში უშვებს თავის მეტასტაზებს. თუ ქვეყნის მმართველები ვერ ერევიან მაფიას, საბოლოოდ თვითონაც მისი ნაწილი ხდებიან. ამ ყველაფერს მოვლა, გამოვლენა და სხვა მექანიზმებით ბრძოლა უნდა და არა სკანდალებითა და სანახაობებით გადაფარვა”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“ვიმეორებ, თუ ხელისუფლებაში მოსულ ძალას არ ეშინია, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ბუნებრივია, ეცდება, მუდმივად იოლი გზით გადალახოს სირთულეები. არაერთხელ ვთქვი და კვლავაც გავიმეორებ: უკონკურენტო ადამიანი თუ პარტია მრავალ სისულელეს ჩაიდენს. ერთ-ერთ ასეთ სისულელედ მიმაჩნია მარიხუანას კულტივაციის ინიციატივა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ გადაწყვიტეს ამ თემის წამოჭრა, ვის და რატომ ეჩქარებოდა ასე, ან ახლა რას აპირებენ?! თუ ვინმეს რამის განხილვა უნდოდა, მანამდე დაეწყოთ, სანამ კანონპროექტს შეიმუშავებდნენ და ლამის შესაბამის სტრუქტურებს შექმნიდნენ. მარიხუანას თემით ხელისუფლება იმდენად აშკარად ზარალდება, დაუჯერებელიც კია, რომ ამას საკუთარ თავს თვითონ უკეთებს... `ქართული ოცნება" უამრავ შეცდომას უშვებს, რომელთა კომენტირებაც კი რთულია”, - დასძენს ექსპერტი.
მთავარი სამეულის დაპირისპირება - დებატები პარასკეობით პირველ არხზე იქნება
“სალომე ზურაბიშვილის კონფრონტაციული პათოსით შეთავაზებას, რომ ის “შავი ძალის” ორ სახეს ნეიტრალურ არხზე ტელედებატებში იწვევს, ადრესატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე თანხმდებიან. “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს არ დაუსახელებია, ნეიტრალურ არხში რომელს გულისხმობდა, მაგრამ საზოგადოებრივი არხი აპირებს, ორშაბათს უკვე დაგეგმოს მომავალი დებატების ზუსტი თარიღი და ფორმატი. პოლიტოლოგების შეფასებით, დებატები კონფრონტაციული იქნება ბევრი “წამოძახებით” - ზურაბიშვილი “სისხლიან 9 წელზე” ილაპარაკებს, ვაშაძეს რუსულ პასპორტსაც შეახსენებს, “შავ ძალებად” მონათლული ვაშაძე და ბაქრაძე კი ილაპარაკებენ დღევანდელი ხელისუფლების კორუფციაზე, მარიხუანაზე, უმუშევრობაზე, გაჭირვებასა და აუცილებლად ზურაბიშვილის განცხადებაზე საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მთავარი სამეულის დაპირისპირება - დებატები პარასკეობით პირველ არხზე იქნება.
“სალომე ზურაბიშვილმა სამი დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დებატებში იწვევს “შავი ძალის” ორივე სახეს, რომლებშიც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე იგულისხმა, მას შემდეგ კი, რაც ორივე ოპონენტი დათანხმდა დებატებს, ერთგვარი სარკაზმით განმარტა, რომ “დასახელება არ დასჭირდა, ვინ იყო “შავი ძალის” ორი სახე, რადგან მისი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთო”. გამოწვევა მიიღო ორივე ოპონენტმა. გრიგოლ ვაშაძემ პასუხად ზურაბიშვილს ქართულ გრამატიკაში ცოტა მეცადინეობა ურჩია. დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ დებატებისთვის მზადაა, გამოწვევა არ სჭირდება და მისთვის ცოტა გაუგებარია, რითი ემუქრება სალომე ზურაბიშვილი. სამივე კანდიდატის დებატებზე თანხმობის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, დებატების ფორმატი მოამზადოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე ამბობს, რომ მათ ისედაც დაგეგმილი ჰქონდათ ცალკე კვალიფიციური და ცალკე არაკვალიფიციური სუბიექტების დებატი 8 ოქტომბრის შემდეგ ყოველ პარასკევს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რამდენად მწვავე დებატები შეიძლება გაიმართოს და ვინ მოიგებს და ვინ დაზარალდება ამ დებატით? პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილისთვის დებატები ძლიერი მხარე ვერ იქნება და წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით მისი მხრიდან დებატების შეთავაზება შეცდომაა. “ეს ადამიანი აბსოლუტურად პარადოქსულად აზროვნებს, შეუძლია, ერთ წინადადებაში ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გაისროლოს. ასე რომ, დებატები მისთვის არ იქნება სასარგებლო, “სისხლიანი 9 წლის” მეტი არგუმენტი არ ექნება. უნდა შეეცადოს, რომ დებატების მთელი აქცენტი “სისხლიან 9 წელზე” გადაიტანოს, რაც არ გამოუვა, რადგან მიმდინარე პრობლემები ძალიან ბევრია და ხალხს ეს აწუხებს. ოპონენტები კი დღევანდელ პრობლემებზე ისაუბრებენ”, - ამბობს ხუხაშვილი. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, დებატების მთავარი თემა რუსეთი და ომი იქნება და მოვისმენთ უკვე უამრავჯერ გაგონილ წამოძახებებს”, - განაგრძობს გამოცემა.
“დღეს საკმაოდ არაერთგვაროვანი თემებია წინა პლანზე წამოწეული - კანაფის მოყვანა, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, კორუფცია, უმუშევრობა, გაჭირვება, ბიზნესზე წნეხი. მოსახლეობას ეს აინტერესებს და არა “9 წელი”. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს სხაპასხუპით რიტორიკაც უჭირს და ასეთ დებატებში ძალიან შეზღუდული ფორმატია, არ მგონია, ეს მისთვის მომგებიანი იყოს. როგორც ჩანს, სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არის. მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერით პირდაპირ შეგრიალდებოდა პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ ახლა საკმაოდ აგრესიულად უტევენ, ხშირ შემთხვევაში წითელ ხაზსაც კი კვეთენ და ნერვებმა უმტყუნა, რაც ჩემთვის აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო. ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ არასტაბილურია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ასე რომ, ეს მისი მხრიდან იყო შეცდომა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ძალიან შეშფოთებულია, ხვდება, რომ საქმე რაღაც კარგად ვერ მისდის და შეგნებულად მიდის გამწვავებაზე, რომ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ სამი ადამიანიდან, თუ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვლაპარაკობთ, არც ერთი არ ვარგა და არც ამომრჩეველს არ უნდა არც ერთი. რაც შეეხება ლაპარაკის მანერას, ვფიქრობ, რომ არც ერთს არ ეშლება ლაპარაკი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ისეთ მარგალიტს ისვრის, რაზეც წამოიკიდებენ და შემდეგ ამის გაშარჟების პროცესსაც ვიხილავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ამ სამი კანდიდატიდან არც ერთი არ არის მუნჯი. ამ დებატებში, არ მგონია, რაიმე სიახლე ვიხილოთ. მათი მთავარი თემა იქნება რუსეთი და რუსეთთან ომი. თუკი ზურაბიშვილს წამოაყვედრიან ომზე განცხადებას და ამას აუცილებლად წამოაყვედრიან, არც ბატონ ვაშაძეს ბიოგრაფიაა ისეთი, რომ შავი წერტილი არ იყოს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ებღაუჭებოდა რუსულ პასპორტს 2008 წლის ომის პროცესში და ზურაბიშვილი ამას, რასაკვირველია, წამოაძახებს. ალბათ მოიჭრიან თავს ვაჟკაცები, თუ ქალბატონს დაუწყებენ მუქარით საუბარს, მაგრამ ქალბატონიც ისეთია, რომ უნდა უფრთხოდნენ. ზურაბიშვილი აუცილებლად მოიწონებს თავს რუსული ჯარის გაყვანით, აუცილებლად გაიხსენებს “ნაციონალების” მმართველობას. ამ დებატებზე ნათქვამ ფრაზებზე მომავალ დღეებში იქნება განხილვაც, თუმცა ვინ უკეთ გამოიჩენს თავს, ამას არანაირი გავლენა არ ექნება ელექტორატის განწყობაზე - დებატებით თუ ამ დებატების გარეშეც ჩვენთან უკვე არის წინასწარი განწყობა, რომ თუ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე, აუცილებლად იქნება არეულობა, ქუჩაში მოხდება სამართლის ძიება”, - დასძენს გამოცემასთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
დავით უსუფაშვილი - “ივანიშვილმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვა”
“კარგად მახსოვს და ამის მომსწრე ვიყავი - ბიძინა ივანიშვილი ახლანდელი მოვლენების მსგავსი სიმპტომების გამო ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებებს იღებდა. მსგავსი ამბების, ჭორების გამო მომწიფდა პრემიერ ღარიბაშვილის შეცვლის საკითხი. ასევე მახსოვს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება პატივცემულ ივანე ჩხარტიშვილისადმი და ნათქვამი, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო. მახსოვს ამაზე ჩემი პასუხიც, ადექით და ფანჯარაც ჩაკეტეთ-მეთქი... ყველას ახსოვს ფარცხალაძის აღზევებაც და დაღმასვლაც, თუმცა ფარცხალაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც მისი საჭიროება, რაღაცა ფუნქციები შენარჩუნდა. დიახ, ამაზე ხშირად ვკამათობდით, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ფარცხალაძეს საჭირო ადამიანად თვლიდა”, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი ჩხარტიშვილზე ამბობდა, ეს რა კაცია, კარებს რომ ჩაუკეტავ, ფანჯრიდან შემოდისო” / “რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი?! რომ საქართველოს ნახევარი მთავრობა ლონდონში სასამართლოში უნდა ჩავიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი, კორუმპირებული არიან თუ არა?! და მერე რა მოხდაო, გვეუბნებიან?! აი, სადამდეა მისული ეს ხალხი!”
“მე ახლა ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ რა დაემართა ივანიშვილს, ალბათ, ამის დროც მოვა. თვითონ ამბობს, რომ ამის სპეციალისტია... ფაქტია, რაღაცები დაემართა. ჩემი დიაგნოზი ასეთია: დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მმართველობა, დაფუძნებული მრავალპარტიულობაზე, როგორც ჩანს, მას ვარდისფერ ფერებში წარმოედგინა, რომ ყველაფერს მარტივად დაალაგებდა: ერთი პარტია, ორი, სამი... თქვენ აქ, თქვენ - იქ და ახლა ყველა თავისუფალი ხართ, ოღონდ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მე მგონია სწორი და კარგიო... მერე დაინახა, რომ თუ თავისუფლებას მისცემ ადამიანებს, ისინი ამით ისარგებლებენ... პარტიის დაფინანსების სქემისა და შავი ყულაბის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ერთი რამ კარგად ვიცი - 2016 წელს, როდესაც ივანიშვილმა ბიზნესმენები საჯარო შეხვედრაზე შეკრიბა, უთხრა: როგორ ბრძანდებით, პატივცემულო ბიზნესმენებო, დღეს ხომ უკეთაა ცხოვრება? კი, უკეთაა, წინა ცხოვრებაში კი გვჩაგრავდნენ. გინდათ, რომ ხვალაც უკეთესი ცხოვრება იყოს - ჰოდა, ჩაიყავით ჯიბეში ახლა ხელი, ჩემს ხარჯზე როდემდე უნდა იყოთ კარგადო. ბევრმა ეს სიგნალი მიიღო. მე რომ კაპიკს არავინ მაძლევს ამ არჩევნებში თუ ნებისმიერ სხვა რამეში, ეს არ მალაპარაკებს - ის მალაპარაკებს, რომ გამიყვანს გვერდზე ვიღაც და მეტყვის - ვაჰ, ეს რა გვემართება, კაცო, ნახე, როგორ შეიძლება ამის მოთმენაო... გაიხედავ და ისიც, რისი მოთმენაც არ შეიძლება, იმის გამყარებაზეა გადასული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი
“ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ჩვენ რა შუაში ვართო. ვერ გაუგია ამ ხალხს, რომ თვითონ არიან მმართველები; ხელისუფლება თვითონ არის და მისი ვალი რა არის? - მართოს სიტუაციები, კონფლიქტების, არეულობების პრევენცია და თუ გამოვლინდა დარღვევა, ზომები მიიღოს. მაინცდამაინც ვიდეოფირი უნდა ვნახოთ და მერე ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა გვქონდეს, რომ აი, შეხედეთ, ვიღაცა ყოფილა ჩართული, კონკრეტული პირიო... მე არ ვიცი, როგორ უნდა დაიძინოს ან მთავარმა პროკურორმა, ან ვიღაცამ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, და ელოდოს, ლონდონში როდის დაიბარებენ საქართველოს მინისტრებს კითხვების დასასმელად. თითქოს მაგარ პიარულ სვლას მიაგნეს, გვეუბნებიან, რა პრობლემაა, ჩავალთ ლონდონშიც და ბანგლადეშშიც და ყველგან პასუხს გავცემთ კითხვებზეო. რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი?! საქართველოს ნახევარი მთავრობა ლონდონში სასამართლოში უნდა ჩავიდეს და გასცეს კითხვებზე პასუხი, კორუმპირებულია თუ არა?! მერე რა მოხდაო, გვეუბნებიან?! აი, სადამდე არიან მისული!”, - განაგრძობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
“ასეთ დროს ხომ განსაკუთრებით სწრაფი ტემპით უნდა მუშაობდეს პროკურატურა - უნდა დაჰკითხოს ხალხი, ჩვენ უნდა ვისმენდეთ ამ თემაზე მათი საქმიანობის ანგარიშს და ამის ნაცვლად რას ვხედავთ? - იქედნურ ღიმილს, ეტყობა, ვიღაცა სუპერპიარშიკმა ურჩია, მოდი, გააღადავეთ ეგ თემა და თქვით, რა პრობლემაა, ლონდონში გავივლით და გამოვივლითო. რას ამბობთ, ხალხო, დაფიქრდით ცოტა! მე უფრო ის მაინტერესებს, ამ ყველაფრიდან ხვალ სწორი ნაბიჯი როგორ გადავდგათ, ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს. აღარ სჭირდება ამას ძალიან დიდი ანალიზი. დიახ, ადამიანმა, რომელიც სერიოზული ტვირთი მოიკიდა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სააკაშვილის მმართველობის მოშორებით დიდი პრობლემების მოცილებაში, რომელმაც ქვეყანა გაათავისუფლა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ მთავარ საქმეს, რასაც ხელი მოჰკიდა, ანუ ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვა. ეს ძალიან ბევრ რამეში გამოიხატა. ახლა ჩემი მიზანი და ამოცანაა დავასკვნა, რომ ქვეყანას სჭირდება, ამასთან, ძალიან სწრაფად და მალე, უკეთესი პატრონი, უკეთესი ხელისუფლება”, - დაასკვნის უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “მაშინ ვინ მართავს დღეს ქვეყანას?” - პასუხობს”
“არავინ მართავს დღეს ქვეყანას - ეს არის პრობლემა. კულუარულადაც არავინ მართავს, დამიჯერეთ! ჩვენი პრობლემა უმართაობაა და არა ცუდი მართვა. ივანიშვილი ასე მართავს - აი, ვთქვათ, ამ საკითხში ჩაერევა, დანარჩენი არ აინტერესებს. არ თვლის, რომ ეს მისი საქმეა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დანარჩენ საკითხებს სხვები ვერ წყვეტენ. შიშობენ, ვაიდა, ივანიშვილს ერთხელაც დააინტერესოს, მერე სად მიდიან?! პრობლემა ის არის, რომ ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მართავს წერტილოვნად, ამორჩევით საკითხებში, დანარჩენ საკითხებში უმართაობა და ქაოსია. სად იფურჩქნება კორუფცია? იქ, სადაც ხელისუფლების დეფიციტია... როგორც კი რამე თემა რჩება უპატრონოდ, იმ თემას ეპატრონებიან არა ეშმაკები, არამედ კონკრეტული პირები, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის შესაძლებლობა ეძლევათ. ისინიც ხომ ადამიანები არიან და იწყება ცდუნებების კასკადი - საკმარისია ერთი-ორი ცდუნება, რომ მესამე, მეოთხე და ოცდამეჩვიდმეტე გარდაუვალია - ეს ჯაჭვური რეაქციაა”, - დასძენს რესპონდენტი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"