თსუ-ში გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართება

თსუ-ში ხვალ უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, გურამ ლორთქიფანიძის ოჯახის ახლობლები და სტუდენტები.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იქნება გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი ,,გადარჩენილი სახელი” (ავტორი: ნინო კაკულია – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი); ასევე, გაიმართება გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა – ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.

უნივერსიტეტის განცხადებით, გურამ ლორთქიფანიძე 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის და ასევე არქეოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი დღემდე ხელმძღვანელობს, ასევე, თსუ-ში ,,ისრაელის ცენტრს”.

გურამ ლორთქიფანიძე 2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. წლების განმავლობაში იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა არქეოლოგიურ გათხრებში, 1975 წლიდან იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ავტორია 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, დაწერილი აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა