ქართული პრესის მიმოხილვა   05.10.2018

თბილისი ალიანსს საქართველოში ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას სთავაზობს

ტექდათვალიერებამ ავტონაწილები საგრძნობლად გააძვირა, რაც მხოლოდ დასაწყისია

***

თბილისი ალიანსს საქართველოში ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას სთავაზობს

“2019 წელს ნატო-საქართველოს ორი მრავალეროვანი სამხედრო სწავლება გაიმართება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, თბილისმა ნატოს ინიციატივით მიმართა, რომ საქართველოში ფართო სპექტრის ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრი შეიქმნას. ეს გზავნილები გაკეთდა ბრიუსელიდან, სადაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თბილისი ალიანსს საქართველოში ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას სთავაზობს

"საქართველო მომავალ წელს გეგმავს, უმასპინძლოს ორ ამბიციურ სამხედრო სწავლებას. მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს სწავლება, ხოლო მეორე „მტკიცე სულის" (Agile Spirit) სწავლება ჩატარდება დასავლეთ საქართველოში და მასში მონაწილეობას მიიღებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან იზორიამ და დასძინა, რომ ორივე სწავლება წარმოადგენს „განახლებული შეკავების პოლიტიკის" უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის. მისი თქმით, "ეს იქნება კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატები უფრო მასშტაბური ხდება". გარდა ამისა, როგორც იზორია აცხადებს, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტრომ ნატოს ინიციატივითაც მიმართა, რომ საქართველოში შეიქმნას ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრი, რომელიც იქნება უფრო ფართო სპექტრის და მისივე თქმით, ამ იდეას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. „დაინტერესება დიდია და შემდგომი წლები, განსაკუთრებით 2019-2020 წლები, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად, როგორც ნატოს ფორმატში, ისე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი მექანიზმები განვიხილოთ," - ამბობს იზორია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძის თქმით, ყველაფერი, რაც ეხება საბრძოლო მომზადებას, სწავლებებს, ნატოს მხრიდან ახალ ინიციატივებს, ეს ყოველთვის დადებითი და მისასალმებელია და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობებს. თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის. „ყველა ინიციატივა, რაც ეხება საბრძოლო მომზადებას, სწავლებებს, ეს ყოველთვის დადებითია, თუმცა ეს არ არის საკმარისი ნატოს სტანდარტებზე გადასასვლელად და ის ბოლო ინფორმაცია, რომელიც დღეს გააჟღერა თავდაცვის სამინისტრომ, ასეთ საკითხებსაც უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება და უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს. სხვაგვარად ჩვენ ნატოს სტანდარტებზე ვერ ვისაუბრებთ. დღეს ვიგებთ, რომ საუბარია იარაღს ვაჭრობის საკმაოდ დიდი მასშტაბებზე და მხოლოდ ნატოზე აქცენტირება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ნატოს დავუახლოვდეთ,"- ამბობს სალუქვაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, ძალიან კარგი ინფორმაციაა, რომ მომავალ წელს ორი მასშტაბური სწავლება იგეგმება, „მთელი ეს სწავლებები და პლუს, ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა ზუსტად გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველო ნატოს სტანდარტებზე სრულყოფილად გადავიდეს. ამიტომ თუ კარგად ვიმუშავებთ და მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზე დარაზმული იქნება, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც შეგვიძლია გაწევრიანების ძალიან მოკლევადიანი გეგმა ავიღოთ და გავხდეთ ალიანსის წევრები. ამაში დარწმუნებული ვარ. „ძალიან კარგი ინფორმაციაა, რომ მომავალ წელს ორი მასშტაბური სწავლება იქნება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას, მხოლოდ სახელწოდება არაფერს მოიცავს და რა იგულისხმება ამ ცენტრში, რას მოიაზრებს, ამაზე დეტალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვაწოდოს, რომ ყველასთვის გასაგები გახდეს, ზუსტად რას აპირებს სამინისტრო. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს უნდა ემსახურებოდეს საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას, მაგრამა ამას უამრავი მიმართულება აქვს და კონკრეტულად რას გეგმავენ, ეს თავად უნდა განაცხადონ,"- დასძენს სალუქვაძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ტექდათვალიერებამ ავტონაწილები საგრძნობლად გააძვირა, რაც მხოლოდ დასაწყისია

"ავტონაწილებზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზი სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებაა. მფლობელებს უჭირთ, განსაზღვრულ ვადაში სათადარიგო ნაწილები შეცვალონ და მანქანა მწყობრში მოიყვანონ. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ავტონაწილები კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან საქონელი იმპორტირებულია, რასაც ემატება მოთხოვნის ზრდაც. დედაქალაქში არსებული მანქანების დიდი ნაწილი კი ტექნიკურად გაუმართავია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ტექდათვალიერებამ ავტონაწილები საგრძნობლად გააძვირა, რაც მხოლოდ დასაწყისია

"ავტომობილებს ძალიან უჭირთ, დააკმაყოფილონ ახალი ნორმები. მანქანების 80% ტექნიკურად გაუმართავი და საფრთხის შემცველია, თუმცა მათი მეპატრონეები ვერ უზრუნველყოფენ ხშირად შეკეთებას, რადგან ეს არცთუ მცირე თანხებთან არის დაკავშირებული. ავტონაწილების ტოტალურ გაძვირებას არ ვარაუდობს, მაგრამ საფასო ცვლილებას ნამდვილად ელოდება იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძეც. მისი აზრით, მსხვილი ბიზნესი არსებულ გამოწვევას გაცილებით უპრობლემოდ გაართმევს თავს. „მანქანების 70-60% ძველია, რომელთაც გაუჭირდებათ ტექდათვალიერების გავლა. მეორეული ნაწილებიც არის ბაზარზე, თუმცა მათი გამოყენება არ იქნება ეფექტური. ლოგიკურია, მძღოლებს ფინანსური ხარჯი აწვებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია, მე მესმის მათი. ძალიან ბევრი ხარჯი ემატება ერთმანეთს. განსაკუთრებით ტაქსისტები არიან რთულ ვითარებაში, მათ ლიცენზირებაში ფულის გადახდა უწევთ, ტექნიკური დათვალიერება და სხვა ხარჯები, რაც, საბოლოო ჯამში, არავისთვის არის მარტივი გადასახდელი. ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ იყოს გამონაბოლქვი, უსაფრთხო იყოს გადაადგილება, ლიცენზია ჰქონდეთ ტაქსებს და ა. შ.“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მერიის განცხადებით, 10 000-მა მანქანამ გაიარა ტექდათვალიერება. ამ მანქანებიდან, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ, მინიმუმ, 30% ვერ გაივლის ტექდათვალიერებას და მძღოლს მოუწევს სასწრაფო ზომების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ავტომობილი მისი სარჩენი ერთადერთი წყაროა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძემ. ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება განსაკუთრებით პრობლემური გახდა ტაქსის მძღოლებისთვის, რადგან მათ არ აქვთ რესურსი, განაახლონ ავტომობილები, თუმცა იძულებით მაინც მოუწევთ, რათა მუშაობა არ შეაჩერონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტაქსის მძღოლებს ყოველდღე დიდი მანძილის დაფარვა უწევთ, რაც განაპირობებს მანქანის ცვეთას და ნაწილების შეცვლა უფრო ხშირად არის საჭირო. რაც სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება, საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მოქალაქეებმა დღესაც არ იციან, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ავტომობილმა სავალდებულო ინსპექტირება გაიაროს. ისინი ავტონაწილების გაძვირებას სწორედ ამ პროცესს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ყოველი ახალი ეტაპის ამოქმედების შემდგომ ნაწილები კიდევ უფრო გაძვირდება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო და ევროსტანდარტების აკრედიტაციის გარეშე დამზადებული სატრანსპორტო საშუალებების არალიცენზირებული ნაწილები, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომიცაა და იაფიც. „უხარისხო ნაწილების იმპორტიორ ქვეყნად მხოლოდ ჩინეთი არ უნდა მივიჩნიოთ, სხვა ქვეყნებიც არ აკლებენ. საქართველოში ასეთ პროდუქციას არავინ აკონტროლებს. ამიტომ დაბალი ხარისხის ავტონაწილების წარმოება და იმპორტზე გატანა ყველა ქვეყანაში შესაძლებელია. მძღოლებმა ერთ კონკრეტულ მარკას უნდა მიანიჭონ უპირატესობა და იმ ბრენდის ტექნიკური აგრეგატები გამოიყენონ. იქნება ეს მეორეული თუ ახალი სათადარიგო ნაწილები. რა თქმა უნდა, ახალი დეტალების გამოყენება კარგია, მაგრამ ძნელია, ყველას ვურჩიოთ მათი შეძენა“, - დასძენს გამოცემა.

"ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ხარისხზე გადაიტანონ აქცენტი და გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ავტომობილების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლამ არ მოახდინოს გავლენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს. რთული იქნება მძღოლებისთვის ტექდათვალიერების გავლა და არც ფინანსურად არ არის მარტივი. მეორე მხრივ, თუ კარგ დეტალებს დააყენებენ, მანქანა ხშირად არ იქნება სარემონტო, რაც მათთვისაც უკეთესია", - აღნიშნა ვასო ურუშაძემ „რეზონანსთან" საუბრისას. ცალკე თემაა მეორეული საბურავები, რომელთა რეალიზაციას ტექდათვალიერების პროცესი ხელს შეუშლის. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ამ ბიზნესს ქვეყანაში ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლების უმრავლესობას ე. წ. ნახმარი ნაწილების იმედი აქვს, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის გამოსავალი და პირიქით, შესაძლოა, ორმაგი ხარჯიც გამოვიდეს“, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა