ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს

ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს. მერიის საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი შორენა ხუხუა განმარტავს, რომ მხატვრები თანხას, 500 ევროს ოდენობით, ოქტომბრის ბოლოს მიიღებენ.

„მიმდინარე წლის მაისში ორ ქალაქს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ამის ფარგლებში დაიგეგმა მრავალი პროექტი და ერთ-ერთი იყო კულტურული მიმართულებით. შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ 20 მხატვარი მონაწილეობას მიიღებდა პლენერში, რომელსაც კოზენცა აწყობდა. შეთანხმებაში შედიოდა თანხა, რომელიც ანაზღაურებული იქნება კოზენცას მერიის მიერ. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება და შეგვპირდნენ, რომ ოქტომბრის ბოლოს ჩაირიცხება",- განაცხადა შორენა ხუხუამ.

მისი თქმით, საუბარია მხატვრების მგზავრობის და იტალიაში ყოფნის ხარჯებზე, რომელიც 500 ევროს შეადგენდა. რაც შეეხება მერიის ოფიციალურ დელეგაციას, ხუხუას ინფორმაციით, ოთხი წარმომადგენლის ვიზიტი მერიის მიერ დაფინანსდა, რაც მხოლოდ მგზავრობის ღირებულებას გულისხმობდა, თუმცა კონკრეტულად რა ოდენობის თანხაა, ამაზე პირადად ვერ ისაუბრებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, მხატვრების და საჯარო მოხელეების იტალიაში ვიზიტთან დაკავშირებით მერიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ 11 სექტემბერს გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა მერიამ პასუხი ამ დრომდე არ მიაწოდა. გიგა შუშანიას განცხადებით, სარჩელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად ამზადებს.

„იტალიაში მხატვრების გამგზავრების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გამგზავრებაში მერია დაეხმარა. შემდგომ მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა ხარჯი იტალიურმა მხარემ გაიღო. საჯარო მოხელეების და მხატვრების ვიზიტის შესახებ მერიისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, თუმცა მერიამ ამ დრომდე არ მოგვაწოდა. ჩვენი ინფორმაციით, მერიამ ყველა ხარჯი ბიუჯეტიდან გაიღო, ამიტომ მალავს ამ ინფორმაციას, რის დადასტურებასაც სასამართლოს გზით ვაპირებთ. მთავარია, რომ მთელ ამბებში შეგვრჩა ვალში გადავარდნილი მხატვრები, რომლებიც საკუთარი სახსრებით გაემგზავრენ და დაპირებული თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ",- განაცხადა გიგა შუშანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო