ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2018

პატარკაციშვილის საქმე - “ეს თემა არის “შემოგდებული”

ავთანდილ დემეტრაშვილი - “შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი დადგეს”

სოსო ცისკარიშვილი - “ჩვენი უსუსურობის გამო შეიძლება დავკარგოთ მომავალი”

* * *

პატარკაციშვილის საქმე - “ეს თემა არის “შემოგდებული”

“მედიისა და საზოგადოების ყურადღების გადასატანად “შემოგდებული” ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე - ასე აფასებენ იურისტები პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ 2016 წელს ნაპოვნი ფარული ჩანაწერების მეშვეობით ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების ფაქტი აღამოაჩინეს. იურისტები სვამენ კითხვებს: სად იყო 2 წლის განმავლობაში პროკურატურა და რას ელოდებოდა? არის თუ არა ეს მტკიცებულებები ავთენტიკური და რატომ დასჭირდა ამდენი დრო მისთვის ექსპერტიზის ჩატარებას? ხომ არ არის ეს წინასაარჩევნოდ შემონახული საქმე, რომლის მტკიცებულებების უტყუარობა უწყებას სულაც არ ანაღვლებს?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პატარკაციშვილის საქმე - რა მტკიცებულებებით გახსნა ქართულმა პროკურატურამ მკვლელობა / მუხაშავრია: “ეს თემა არის "შემოგდებული”, რათა ბოლო კვირების განმავლობაში აგორებული საკითხების გადაფარვა მოხდეს".

“მივყვეთ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართული პროკურატურისა და ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებსა და ვერსიებს. 10 წლის წინ სკოტლანდ იარდმა გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა. “პატარკაციშვილის სიკვდილი დადგა ბუნებრივი მიზეზით”, - ნათქვამია სურეის პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ექსპერტიზამ ამ ეტაპისათვის ვერ აღმოაჩინა რადიოაქტიური ნივთიერების კვალი ვერც გარდაცვლილის ცხედარში და ვერც მისი საცხოვრებელი სახლის შემოწმებისას”, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, დღეს საქართველოს პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის გახსნაში მათ 2007 წლის ფარული ჩანაწერები დაეხმარათ. უწყების განცხადებით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომელშიც ისმის, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადაბირებას ცდილობს. უწყების ინფორმაციით, კუდ-ის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მტკიცებულებების დასაშვებობა სასამართლოს გადასაწყვეტია და რთული სათქმელია, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერები საქმეში რამდენად არის სარწმუნო მტკიცებულებები. მუხაშავრიას განცხადებით, პროკურატურას არც ერთი გახმაურებული საქმე არ გაუხსნია და რაღა ახლა ეს ბურუსით მოცული გარდაცვალება გახსნეს, რომლის ირგვლივაც კითხვები როგორც ამერიკის, ასევე ბრიტანეთის პოლიციას გააჩნია. იურისტი ნაწილობრივ ბრალდებულების ადვოკატების დასაბუთებას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ჩანაწერები თუ პროკურატურას ამდენი ხანი ჰქონდა, ახლა რატომ გაახსენდა და ისინი თავის დროზე გამოყენებული რატომ არ იქნა?” - განაგრძობს გამოცემა.

“ამდენი ხანი რას ელოდებოდნენ? ორი წელი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ საქმეზე ყველა ექსპერტიზა ჩატარებულიყო და განაჩენი დამდგარიყო. ვხედავთ, რომ ეს საქმე ახლა გაახსენდათ, რაც დიდწილად ვარაუდს წარმოშობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ხელისუფლების უსუსური მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცის გამოძიება ხდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა მედიისათვის არის “შემოგდებული”, რათა ბოლო კვირების განმავლობაში აგორებული სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გადაფარვა მოხდეს. ორი წელი გავიდა, ეს მტკიცებულებები ჰქონდათ და თაროზე რისთვის ინახავდნენ? საერთოდ, პროკურატურის არ მჯერა და არც ის მჯერა, რომ სასამართლო ამ მტკიცებულებების საშუალებით ამ ადამიანების ბრალეულობას დაადგენს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“მუხაშავრია ამბობს, რომ, სკოტლანდ იარდისაგან განსხვავებით, ჩვენს პროკურატურას ასეთი მაღალი ნდობა არ აქვს. შესაბამისად, 10 წლის წინ მათ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი. იურისტი ამბობს, რომ მართლაც დაუჯერებელია, ბრიტანულმა პოლიციამ ამ მტკიცებულებების შესახებ არაფერი იცოდა და მკვლელის ვინაობა არ დაადგინა. მუხაშავრია ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურას თუ ეს მტკიცებულებები ორი წელია აქვს, სკოტლანდ იარდს რატომ არ გადაუგზავნა? იურისტი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, სად იყო ამდენი ხანი პროკურატურა და რატომ ინახავდა ამ მტკიცებულებებს? იურისტი ვარაუდობს, რომ “ქართული” ოცნება გარკვეულწილად “ნაციონალებთან” გარიგებაში იმყოფებოდა, რომ ამ და სხვა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით პასუხი არ მოეთხოვებოდათ. თუმცა, ნიკოლეიშვილი ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, “ნაციონალებმა” ეს შეთანხმება დაარღვიეს და ხელისუფლებამაც საპასუხოდ პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გააქტიურება და ამ მტკიცებულებების გამოჩენა გადაწყვიტა. იურისტი არც იმ ვერსიას გამორიცხავს, რომ ეს ბოლო კვირებში მმართვლი გუნდის ირგვლივ დაწყებული არაერთი სკანდალური თემის გადასაფარად იყოს გამოყენებული”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ბრიტანული გამოძიების მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით არის გარდაცვლილი, თუმცა ალბათ მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ მტკიცებულებების ნახვა. აქ ყველაზე მთავარი კითხვა მაინც ის არის, სად იყო ამდენი ხანი პროკურატურა და რატომ ინახავდა ამ მტკიცებულებებს? ვიცი ევროპულ მედიაში გავრცელებული ვერსიების შესახებ, რომ პატარკაციშვილი შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს მოკლული, მაგრამ იმ დროისათვის პატარკაციშვილის თავიდან მოშორება ყველაზე მეტად სააკაშვილის ხელისუფლებას სურდა. პატარკაციშვილი რუსეთისათვის ხელის შემშლელ ფაქტორს არანაირად არ წარმოადგენდა, თუმცა ამ ვერსიებს მტკიცებულებებით გამყარება უნდა. ამის გარდა აქვთ თუ არა სხვა მტკიცებულებები, გამოჩნდება. უბრალოდ, დროში ყველაფერი ასე როგორ ემთხვევა? ამათ სამართლიანობის აღდგენა კი არ უნდათ, საკუთარი თავი ადარდებთ და ამ საქმესაც პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.

ავთანდილ დემეტრაშვილი - “შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი დადგეს”

“რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა უკვე მეორედ მოითხოვა მთავრობის სხდომის მოწვევა და მთავრობა მოწვეული არ იქნა. ეს კონსტიტუციის დარღვევაა. მამუკა ბახტაძემ უარი განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოწოდება შეასრულოს და მთავრობის სხდომაზე მარგველაშვილი დაასწროს. კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა მოითხოვოს მთავრობის სხდომის ჩატარება კონკრეტულ საკითხზე, მიიღოს მონაწილეობა მასში და მასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს უშიშროების საბჭოს მდივანმა და წევრებმა. სამწუხაროდ, კონსტიტუციაში დადგენილი არ არის ვადა, ეს უნდა დაკონკრეტებულიყო “მთავრობის შესახებ” კანონში, მაგრამ არ დაფიქსირდა. მთავრობის მეთაური ვალდებულია მოიწვიოს მთავრობის სხდომა და შესაბამისად პრეზიდენტთან ერთად იმსჯელოს იმ საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დააყენებს“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ფაზეთ “რეზონანსისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი დადგეს” - დემეტრაშვილი / მარგველაშვილმა ბახტაძის უარი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივროს.

“თუკი პრემიერი უარს ამბობს, პრეზიდენტის მოთხოვნით მთავრობის სხდომა მოიწვიოს, პრეზიდენტს შეუძლია ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, ვინაიდან დარღვეულია კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განიხილოს დავა სახელმწიფო ორგანოების შესახებ... ცოტა მოქნილი რომ ყოფილიყო მთავრობა, იტყოდა, კი ბატონო, მოვიწვევთ, მაგრამ მოიწვევდა მას შემდეგ, რაც შეიცვლებოდა მარგველაშვილი - დროში გაწელვა შესაძლებელი იყო, ვინაიდან კანონმდებლობაში ხარვეზია და დაკონკრეტებული არ არის რა ვადებში უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება - ისე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენისათვის ვადა არ არის დადგენილი და დღესაც არ არის დასახელებული ნინო გვენეტაძის შემცვლელი... რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ პრეზიდენტის მოთხოვნაზე უარის თქმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი დადგეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

“თუმცა იმპიჩმენტის ინიციატორი აუცილებლად პარლამენტი უნდა იყოს - პარლამენტარების 1/3-ს აქვს უფლება საკითხი დააყენოს და ოპოზიცია საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს. ვფიქრობ, პრეზიდენტის მოთხოვნაზე მარგველაშვილის ხელმოწერა უნდა იყოს - რასაც მთავრობის ადმინისტრაცია ითხოვს - და არა საპარლამენტო მდივნის. ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და შესაბამისი აქტი პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ხელმოწერილი. ეს პროცედურული დარღვევაა. პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შკითხვაზე - “ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც იურისტია, ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს კი აქვს მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს - შესრულება უკვე პრემიერის კეთილი ნებაა. რა ნიშნავს ეს?” - პასუხობს:

“ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცეა - როგორ, პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება ჰაერშია გამოკიდებული?! თუ პრეზიდენტს გააჩნია უფლებამოსილება, შესაბამის მხარეს კორესპონდირებული აქვს მოვალეობა. სოფოს დაველაპარაკები მე, როცა შევხვდები - ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილების იგნორირება...

“აბა, სხვა პრეზიდენტი ყოფილიყო, არ განიხილავდნენ? რა თქმა უნდა, განიხილავდნენ. მარგველაშვილმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, თუ უნდა მისი ავტორიტეტი როგორც პრეზიდენტის, როგორც პიროვნების არ იყოს შელახული. 2-ჯერ მიმართა მთავრობას და ორივეჯერ ერთ ყურში შეუშვა და მეორე ყურში გამოუშვა მთავრობამ. ასეთი ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო დაავალდებულებს მთავრობას, რომ მოწვეული იყოს სხდომა. აქ ვადებზეა საუბარი, მაგრამ ვინაიდან საგანგებოდ სიტუაციაა შექმნილი, მარგველაშვილს ვადის ამოწურვამდე 2 თვე აქვს დარჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იქნება სასწრაფოდ განიხილოს ეს საქმე”, - დაასკვნის ავთანდილ დემეტრაშვილი.

სოსო ცისკარიშვილი - “ჩვენი უსუსურობის გამო შეიძლება დავკარგოთ მომავალი”

“ყველაზე ინფორმატიული საზოგადოებისთვის “რუსთავი 2”-ის გაჩენილი მთავარი თემები გახლავთ. ჩვენი მართლმსაჯულება, რასაკვირველია, მის უკან “მიჩანჩალებს” და მხოლოდ პასუხებით ცდილობს რაიმე დამაჯერებელის მიწოდებას. ერთ დღესაც “რუსთავი 2”-ის დირექციამ რომ გადაწყვიტოს, “მოდი დღეს ნურაფერს ნუ ვიტყვით”, აუცილებლად დამუნჯდება საკმაოზე მეტი სივრცე, რომელსაც “ქართული ოცნებაც” ფლობს... ჩვენს “მეოცნებეებს” სურთ, რომ მოსახლეობამ ყველაზე დიდი ყურადღება მხოლოდ ამ ჩანაწერებს მიაპყროს და მათი შინაარსის არასწორად წარმოჩენის გზითაც დაგვავიწყოს ჩვენ, რატომ და რა საფუძველზე უნდა მივცეთ ხმა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს. გზავნილები ჩვენი ამომრჩევლისთვის ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ნეგატივის საფუძველზეა წარმოქმნილი... წარმოდგენა არ მაქვს რა მოუვა ასეთ ვითარებაში სახელწიფოს - ამისათვის საკმარისია ის თემები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უკვე თვეების განმავლობაში ტრიალებს.”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი უსუსურობის გამო შეიძლება დავკარგოთ მომავალი” - ცისკარიშვილი.

“შევახსენებ ამომრჩევლებს გენიოსი ჩერჩილის გამონათქვამს, “როდესაც იწყება კონფლიქტი დღევანდელობასა და წარსულს შორს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი!~ - ჩვენი უსუსურობისა და უპასუხისმგებლობის გამო შეიძლება მართლაც დავკარგოთ მომავალი და გავახაროთ ჩვენი მეზობელი, რომელიც გვამარაგებს, როგორც კადრებით, ასევე უკადრისი ნაბიჯებითაც. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს დასავლეთის ქვეყნებისთვის მიმზიდველი ქვეყანა... როდესაც იწყება საუბარი იმაზე, რომელი უნდა იყოს ჩვენს მიერ შერჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა გვიპოვონ სუსტი ადგილები, რომელმაც შეიძლება გადაგვადგმევინოს ნაბიჯი. არსებობს ძალები, რომელთაც მხოლოდ გაუხარდებათ, თუ ჩვენ არც ევროკავშირში და არც ნატო-ში არ მიგვიღებენ, თუმცა, ამ საკუთარ განცდებს ასეთები მალავენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

“ყველაზე მაღალმა “მეოცნებემ”, ამ პარტიის თავჯდომარემ, რომელმაც შექმნა პარტია, რომელმაც დააკომპლექტა და მოახდინა ადამიანების სრული პრივატიზაცია, ექვსი წლის განმავლობაში ვერ მონახა დრო, რომ ერთხელ მაინც რომელიმე საჯარო სივრცეში წარმოეთქვა სიტყვა “ნატო”. თუ ვინმე უკრძალავს ამ თემაზე საუბარს, მაშინ იქნებ ვუშველო “მეოცნებეთა” თავკაცს. როდესაც მინისტრებიც კი არ არიან ისეთი თავისუფალნი თავიანთ საქმეში და მხოლოდ მოლოდინში არიან იმისა, რას ეტყვის ჩვენი აზრთა განმრიგე, რომელსაც სრულიად თვალსაჩინოა, რომ დუმილი ურჩევნია რაიმე საკუთარ გამონათქვამებს, ეს ძალიან ცუდია...”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა