რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებში მედიაციის ცენტრები გაიხსნება

უახლოეს პერიოდში, რუსთავისა და გორის საქალაქო სასამართლოებში, საპილოტე რეჟიმში, მედიაციის ცენტრები დაიწყებს მუშაობს. სასამართლო მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია მედიატორთა რაოდენობის გაზრდაც.

„ეს ორი სასამართლო მაღალი გადატვირთულობით გამოირჩევა. შესაბამისად პირველ ეტაპზე სწორედ რუსთავისა და გორის სასამართლოებში ვგეგმავთ საპილოტე რეჟიმის ამოქმედებას. ვაპირებთ, რომ ამ ქალაქებში 10-10 მედიატორი დავამატოთ“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ირმა გელაშვილმა.

ირმა გელაშვილმა დავის სასამართლოში განხილვასთან შედარებით, მედიაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაცია არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება.

„სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამედ დავის შეთანხმებით დასრულებაზე. ეს არის სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და გაცილებით მარტივი საშუალება, რომ მხარეებმა დავა მოაგვარონ. მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსრულებადია. ამას გარდა, მედიაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როცა სასამართლოების გადატვირთულობის გამო, დავების განხილვა ზოგჯერ ერთ წელზე დიდხანსაც გრძელდება. მედიაცია წარმატებით მუშაობს ბევრ ქვეყანაში და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებით მედიაცია გახდება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული და უფრო მიმზიდველი საშუალება“, - განაცხადა ირმა გელაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლო მედიაცია საქართველოში უახლოეს პერიოდში შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, რასაც ის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თუმცა მისი განხილვა პარლამენტში ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

„ველოდებით, რომ მედიაციის შესახებ ახალი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. მიმდინარეობს მსჯელობა სავალდებულო მედიაციის შესახებ. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ, რომ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე კარგი იქნება რომ მოქმედებდეს სავალდებულო მედიაცია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სავალდებული იქნება მხარეების მორიგება. აქ იგულისხმება, რომ მაგალითად ვიდრე კონკრეტული საქმე სასამართლოში არსებით განხილვაში გადავა, მანამდე მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილებით მხარეები ჩართოს მედიაციის პროცესში. აქვე თუ მხარეები ვერ მორიგდებიან რჩება შესაძლებლობა საქმის სასამართლოში დაბრუნებისა“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე ორჯონიკიძემ. მისივე თქმით, ბოლო სამი წელია მედიციის ცენტრში მიმართვიანობა გასამმაგებულია.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციის ცენტრი 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს. 2016 წლის ივნისამდე ძალიან ცოტა საქმეების განხილვა ხდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ეს მონაცემები გასამმაგებულია. მოდავე მხარეების კმაყოფილების სტატისტიკა თითქმის 100%-ია. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაცია ამ ეტპაზე წარმატებულად მუშაობს“, - აღნიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება მედიაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს, სასამართლო წარმოებისას ბაჟი დავის საგნის 3%-ს შეადგენს, მედიაციის შემთხვევაში ბაჟი დავის საგნის 1%-თ არის განსაზღვრული.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია